ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციები და პარტნიორობა – განათლების მინისტრის ვიზიტები ისრაელში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იერუსალიმში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში „EducAItion 2026“, რომელიც განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას დაეთმო.
კონფერენციაზე გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა განათლების სისტემის განვითარების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე. ღონისძიების ფარგლებში გივი მიქანაძემ ისრაელის განათლების მინისტრ იოავ კიშთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლების სისტემაში ინოვაციური მიდგომებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების გამოცდილება გაცვალეს. მინისტრმა იოავ კიში საქართველოში მოიწვია.
ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე შეხვდა ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ დევიდ ბიტანს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობები და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მინისტრის თქმით, „ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამორჩეული პარტნიორია“, რომლის გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განსაკუთრებულად ღირებულია. ყურადღება გამახვილდა აკადემიურ გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნების საკითხზე, რასაც დევიდ ბიტანმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ისრაელის ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრ გილა გამლიელთანაც. იმსჯელეს განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებაზე. გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის გაფართოებისა და უახლოეს პერიოდში შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. მინისტრმა გილა გამლიელიც საქართველოში მოიწვია.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძე ქნესეთის სპიკერ ამირ ოჰანას შეხვდა. ისაუბრეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას. მინისტრის განცხადებით, ისრაელთან პარტნიორობით საქართველოში არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებას უწყობს ხელს.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და ისრაელს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილს განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით.
გალერეა



