საქართველო–სერბეთის ურთიერთობები: ლიდერები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე საუბრობენ
დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დადებითად შეფასდა საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნა, ასევე, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება. ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას, ასევე, ტურიზმისა და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველო–სერბეთის ერთობლივი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც სექტორული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად განიხილება.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. როგორც ითქვა, ეს დამატებით სტიმულს მისცემს ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.