ირაკლი კობახიძე რეფორმებს აანონსებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტექნიკური განათლების მნიშვნელობაზე, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების პროცესზე და უნივერსიტეტების პოლიტიზების შეჩერების აუცილებლობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კობახიძის შეფასებით, ტექნიკური მიმართულებები დღეს ქვეყანაში სერიოზული გამოწვევების წინაშეა. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, „ტექნიკური მიმართულებები არა თუ უნდა მიიჩქმალოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტექნიკური მიმართულებები გავაძლიეროთ“.
მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების პროცესში, ტექნიკურ მიმართულებებს მიენიჭება განსაკუთრებული ყურადღება. „გაერთიანების პირობებში ცალკე გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება თავისი ავტონომიის მაღალი ხარისხი“, – აღნიშნავს კობახიძე.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ განათლების სისტემა ქვეყანაში „არ არის მხოლოდ მძიმე მდგომარეობაში, არამედ უმძიმეს მდგომარეობაშია“ და რეფორმის საფუძველზე 7 ძირითადი პრობლემა და 7 შესაბამისი ნაბიჯი იქნა განსაზღვრული. მისი თქმით, ოპონენტები ხშირად გამოხატავენ მხოლოდ ზოგად, უხეშ შეფასებებს, კონკრეტიკის გარეშე:
„ჩვენ მზად ვართ აქაც დისკუსიისთვის, თუ ვინმეს ექნება რაიმე არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ან არ უნდა გაკეთდეს“, – ამბობს კობახიძე.
პრემიერის განმარტებით, პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ტექნიკურ დისციპლინებს სტუდენტების მხოლოდ ნახევარი სწავლობს, ხოლო გამოშვება გარკვეულ მიმართულებებზე ქვეყნის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. „დღეს ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში დაახლოებით 10%-ია, განვითარებულ ქვეყნებში კი მესამედია. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, გამოსწორდეს“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
კობახიძე ასევე გამოეხმაურა ილიაუნის რექტორად ნინო დობორჯგინიძის არჩევას და უნივერსიტეტების პოლიტიზებაზე თქვა:
„უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო ჩვენი წინამორბედების, წინა ხელისუფლების ხელწერა. არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს არის ჩვენი მიდგომა და, რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული“.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეფორმები მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტექნიკური განათლების გაძლიერებას, არამედ მასშტაბურ, სამომავლოდ მდგრადი კადრების მომზადებას ქვეყნის განვითარების საჭიროებებისთვის.