პროგრამების წარდგენა
By

პროგრამების წარდგენა

რამდენიმე წელია შუახევისა და ხულოს რაიონების ფერმერები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს პროგრამებით სარგებლობენ. ისინი თანადაფინანსებით იძენენ საჭირო ტექნიკასა და ტექნოლოგიურ დანადგარებს, სასურველი მრავალწლიანი კულტურების ნერგებს, ფუტკრის ოჯახებისთვის ჩარჩოებს, ჯიშიან პირუტყვს. წელს, წინა წლებთან შედარებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაზარდა თანადაფინანსებითი პროგრამების ბიუჯეტი. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი პირები შუახევსა და ხულოში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ფერმერებს, საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრები შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერებმა ომარ ტაკიძემ და ვახტანგ ბერიძემ გახსნეს. მინისტრმა სამინისტროს 2026 წლის პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დეტალურად გააცნო დაგეგმილი მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას, წარმოების ზრდასა და ფერმერთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სამინისტროს პასუხისმგებელმა მუშაკმა კაკო კეკელიძემ თითოეული პროგრამა წარადგინა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2026 წელს განახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს. საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 2500 პროექტი, ხოლო სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში – არანაკლებ -7 პროექტი.

პროგრამებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძემ.

მინისტრმა პასუხები გასცა ფერმერთა შეკითხვებს.

– ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, წელს რამდენიმე ახალი პროგრამა დაგვემატა. ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს ვაწვდით საჭირო ინფორმაციას პროგრამებით სარგებლობის თაობაზე. ჩვენი მიზანია, პროგრამებით დავაინტერესოთ ახალგაზრდა მეწარმეები, ასევე, ვიზრუნოთ არსებული საწარმოების გადაიარაღების თაობაზე. 9 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ სასურველი თვითდაფინანსების პროგრამით სარგებლობაზე, – გვითხრა დენის სალუქვაძემ.

პროგრამების წარდგენას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მინდია დიასამიძე, მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ირმა აფხაზავა, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები იაგო დავითაძე, რენარ ბოლქვაძე, სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი მუშაკები, შუახევისა და ხულოს თვითმმართველობის წარმომადგენლები.

– საინტერესო და შინაარსიანი დღე გვქონდა. ფერმერებისა და საზოგადოების წარმომადგენლების თანდასწრებით გავეცანით სოფლის მეურეობის სამინისტროს პროგრამებს. კარგი იყო აუდიტორიის ჩართულობაც. ამ პროგრამებით მრავალი ფერმერი ისარგებლებს,- გვითხრა ღონისძიების დასრულების შემდეგ ომარ ტაკიძემ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *