,,რეალური დემოკრატიული რეფორმების განხორციელების შემდეგ გვექნება უმნიშვნელოვანესი როლი რეგიონში“
By

,,რეალური დემოკრატიული რეფორმების განხორციელების შემდეგ გვექნება უმნიშვნელოვანესი როლი რეგიონში“

სამწუხაროდ, დაპირისპირება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არათუ ნელდება, არამედ კიდევ უფრო დაუნდობელი ხდება:
ურთიერთბრალდებები, აგენტებად მოხსენიება და სიტყვიერი შეურაცხყოფა ქართული პოლიტიკური სპექტრის თანმდევი მოვლენა გახდა. ამის თავიდათავი ის არის, რომ ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, თავის მხრივ, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამი ოპოზიციური პარტიის გაუქმების შესახებ, რასაც დაემატა ხელისუფლების ბოლოდროინდელი საკანონმდებლო და საგანმანათლებლო ინიციატივები. . . ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გორგილაძე.
თავდაპირველად საშინაო პოლიტიკაზე ვისაუბროთ, როგორია თქვენი აზრი დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?
– ვინც გულწრფელია, ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა. მიტაცებული ხელისუფლების წევრები ცდილობენ, რომ პოლიტიკა მოკლან ქვეყანაში. მათი მიზანია, ოპოზიციური სპექტრი, უბრალოდ, არ არსებობდეს საქართველოში და მხოლოდ ოპოზიციად წოდებული ის პარტიები იყვნენ, რომლებიც რეალურად ოპოზიცია არ არის. რა თქმა უნდა, რთული სიტუაციაა, მაგრამ რაც მთავარია, უწყვეტი ბრძოლა გრძელდება, ამ ყველაფრის ნორმალიზება არ ხდება ქვეყანაში. გარდა ამისა, დასავლური ქვეყნებიდან მოდის შენიშვნები ხელისუფლების მისამართით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, საბოლოო ჯამში, ამან უნდა გამოიღოს შედეგი.
ოპოზიციის დანიშნულება ხელისუფლების კრიტიკა და რჩევების მიცემაა. ამ მხრივ, თქვენი პარტიის და, საერთოდ, ოპოზიციის შენიშვნები რამდენად საფუძველიანია სხვადასხვა საკითხთან მიმართებით?
– იმ ნაწილში ვერ დავეთანხმები ამ კითხვას, რომ ოპოზიციის დანიშნულება მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკაა. საერთოდ, კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ნორმალური ხელისუფლებები ოპოზიციის კრიტიკას უნდა ითვალისწინებდნენ. საფუძველიანი არის თუ არა ოპოზიციის შენიშვნები ხელისუფლებისადმი? არის! ამის ნათელი დადასტურებაა, თუნდაც, დასავლეთის და ექსპერტთა შეფასებები საქართველოში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებზე. ყველა ვხვდებით, რომ მმართველი პარტიის მიზანია, რუსული გზით წაიყვანოს ჩვენი ქვეყანა. ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა, პოლიტპატიმრებით გადავსებულია ციხეები და ა. შ. ამ მხრივ, კრიტიკა არის საფუძველიანი, ეს ყველას კარგად გვესმის, მაგრამ როცა ქვეყანაში ავტორიტარიზმი მძლავრობს, როცა ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის, ხელისუფლება, სამწუხაროდ, მსგავს შენიშვნებს არ ითვალისწინებს, რაც ძალიან სამწუხაროა.
სხვათა შორის, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციის და ანალიტიკოსთა მოსაზრებები უსაფუძვლოა. . .
– ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი მესვეურები (ივანიშვილი, კობახიძე) ამას იტყვიან, ანუ თითქოს ოპოზიცია დემაგოგობს. ყოფნით იმდენი განათლება, რომ მიხვდნენ, რასაც აკეთებენ (და აკეთებენ განგებ) ქვეყნის საზიანოდ, თუმცა ამას არ აღიარებენ, პირიქით, მათ უწევთ იმის თქმა, რომ ოპოზიციის თუ ანალიტიკოსთა მოსაზრებები თურმე არის უსაფუძვლო, თუმცა მათი ქმედებებით სულ სხვა დასტურდება.
არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრი, ექსპერტების ნაწილიც (მაგალითად, გია ხუხაშვილი) საუბრობ, რომ ქვეყანა დიქტატურის გზას დაადგა, ამის დასტურად ასახელებენ საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის მიერ სარჩელის შეტანას პარტიების აკრძალვის თაობაზე, რას ფიქრობთ?
– ის, რომ „ქართული ოცნება“ დიქტატურის გზას დაადგა, ცხადზე უცხადესია! მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის შეტანა ერთი მაგალითია. „ქართული ოცნება“ რომ დიქტატურის გზას მიჰყვება, ამას ცხადყოფს ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის ელემენტარული უფლებები არ არის დაცული, ციხეები გადავსებულია პოლიტპატიმრებით. ამ მხრივ, რაოდენობა რომ შევადაროთ რუსეთსა და ბელარუსს (ერთ სულ მოსახლეზე), საქართველო უსწრებს. გარდა ამისა, გამოხატვის უფლება ჩვენს ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს, ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს აკავებენ, დიქტატურა სხვა რამ კი არ არის. ერთადერთი ნაბიჯი დარჩა მმართველ პარტიას – კედელთან მიაყენოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და დახვრიტოს, იმედია, აქამდე არ მივალთ, ამიტომაა მნიშვნელოვანი შეუგუებლობა და საბოლოო ჯამში, ამ შეუგუებლობამ ძალიან დიდი შედეგი უნდა გამოიღოს – ჩვენი ქვეყანა უნდა გადაარჩინოს!
მინდა გკითხოთ ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე, თუნდაც უნივერსიტეტებთან  მიმართებით. . .
– მარტივად შემიძლია გითხრათ, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ განათლება და განათლებული ადამიანი „ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტი არ არის. მმართველი პარტია დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ სტუდენტები დაიღალნენ და ქუჩაში ისე აღარ დგანან, როგორც იდგნენ ორჯერ დაინიცირებული რუსული კანონის, გავრილოვის ღამის თუ 2024 წლის გაყალბებული არჩევნების დროს. ამის შემდეგ თუ აღარ დგანან ქუჩაში, ახლა დიდი შანსია, რომ ამ სტუდენტებმა კვლავ გამართონ მასშტაბური აქციები, რადგან მიხვდებიან, რომ განათლება ამ ქვეყანაში აზრს კარგავს.
მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ისინი განათლების რეფორმას ახორციელებენ და ოპოზიცია დემაგოგიითა დაკავებული. . . .
– ისინი ბევრ რამეს ამბობენ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ განათლების სისტემაში რასაც აპირებენ, მართლაც, მავნებლობაა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის სავალალო იქნება. არახალია, რომ სტუდენტების ძალა არის ძალიან მნიშვნელოვანი! სტუდენტებთან ბრძოლა არცერთ დროში ხელისუფლებას არ მოუგია. ჩემი აზრით, სწორედ აქ ცდება „ქართული ოცნება“. . . სტუდენტების და ახალგაზრდების ერთობლივი ძალებით მმართველი პარტია დამარცხდება, ამ ბრძოლას აუცილებლად წააგებს!
არანაკლებ მძაფრი დისკუსია გამოიწვია ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– „ქართული ოცნება“, როგორც აღვნიშნე, საქართველოსთვის სასიკეთო ნაბიჯებს არ დგამს, არ იღებს ისეთ კანონებს, რომლებიც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება. მმართველი პარტია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ პირადი სარგებელი მიიღოს, მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი და სახელმწიფო გაახაროს, რომელიც საქართველოს მთავარი მტერია, ვგულისხმობ რუსეთს. რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ მსგავსი შეფასებები კეთდება ხელისუფლების მისამართით.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ საჭიროა ერთიან პლატფორმაზე შეთანხმება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ამ მხრივ რას უნდა ველოდოთ?
– ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანას ავტორიტარიზმიდან დიქტატურამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. . . ისტორიულად ჩვენი ადგილი ევროპაშია! ის, რომ ევროინტეგრაციას ვშორდებით, ცხადია. ამ საკითხებზე ერთობა ოპოზიციურ სპექტრში ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს, შევთანხმდეთ მთავარ საკითხებზე და აღარ გადავუხვიოთ დასახულ გზას. ვინც გადუხვევს ამ გზას, უნდა ესმოდეს, რომ ის გააკეთებს იმ პოლიტიკური პარტიის საამებელ საქმეს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ამ საკითხებზე ერთიანობა, რაღაც დოზით, არის, თუმცა უფრო უნდა გაიზარდოს პროდასავლური პარტიების რაოდენობა, ადამიანებს უნდა ვესაუბროთ ამის შესახებ. დასავლეთი უფრო მკაფიო განცხადებებით უნდა გამოვიდეს. ცხადია, ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარეობს სჯა-ბაასი ერთიან სტრატეგიაზე, ერთიან პლატფორმაზე, თუმცა ამ ეტაპზე ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთ აზრზე იმ მხრივ, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ და არ გადავუხვიოთ ამ მოცემულობას.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საჭიროა დებატები ოპოზიციასთან. თქვენმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა ამ დებატებში, რა არის მიზეზი?
– „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანაში დებატების კულტურა მოკლა. წინა ხელისუფლების მმართველობის წლები რომ გავიხსენოთ, იქაც ბევრი კრიტიკა ოყო მაშინდელი მმართველი პარტიის მიმართ, მაგრამ გვახსოვს, რომ სერიოზული დებატები იმართებოდა ყოფილ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. დებატების კულტურა, დაახლოებით, 2018-2019 წლებში საერთოდ მოკლა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ დაადგნენ რუსულ გზას. დღეს რაში დასჭირდა ირაკლი კობახიძეს ეს დებატები, სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს, თუ დასავლეთს დაანახონ, რომ საუბრობენ ოპოზიციასთან? ჩვენ სასაუბრო აღარ გვაქვს მმართველ პარტიასთან. დებატები იმართება მაშინ, როცა ქვეყანაში დემოკრატიაა და როცა იდეოლოგიაზე შეიძლება ვიკამათოთ. მაგრამ დღეს რაზე შეიძლება ვიკამათოთ? იმაზე, რომ რეჟიმმა ქუჩაში ხალხი დაასახიჩრა, იმაზე, რომ ისინი მენტალურად რუსები არიან? რაა საკამათო და სადებატო? ამიტომ აზრს მოკლებული იყო კობახიძის ინიციატივა. ჩვენ არცერთ დონეზე არ ვითანამშრომლებთ მმართველ გუნდთან! შეგახსენებთ, ჩვენ უარი ვთქვით მანდატებზე, ჩავხსენით სიები, არ მივედით წულუკიანის კომისიაზე, ამის გამო გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი და ა. შ. ამიტომ სადებატო არაფერია.
საგარეო საკითხსაც შევეხოთ: ამჟამად როგორ დაახასიათებდით, ერთი მხრივ, საქართველოს და ევროკავშირის და, მეორე მხრივ, საქართველოს და აშშის ურთიერთობებს?
– საქართველოს ხელისუფლების და დასავლეთის ურთიერთობები სავალალოა, ქვეყნისთვის ამას სასიკეთო არაფერი მოაქვს. რეალურად ნაბიჯ-ნაბიჯ უკან ვიხევთ, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ და ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად, ყოველთვის აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, გამოთქვამენ მზაობას, იყონ ქართველი ხალხის გვერდით, ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, ნაბიჯები წინ გადავდგათ, რათა „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციას მიაღწიოს.
ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინის ომს. რა გავლენა ექნება ომის შედეგს ევროპასა და ასევე, საქართველოზე?
– ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს. პირველ რიგში, გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას, მათ გამოავლინეს ძალიან დიდი ბრძოლისუნარიანობა. რუსეთის დამარცხება ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი მტერი დამარცხდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ასევე, მოხდება სრული გადაწყობა ევროპაში და სრულიად ცივილიზებულ სამყაროში. რუსეთის მარცხი ნიშნავს ჩვენთვის იმ კარის გახსნას ევროპაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით პუტინმა დაგვიკეტა. როგორც ცნობილია, აშშ-მა და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს უკრაინას, მაგრამ უფრო უნდა გააძლიერონ დახმარება და დაჩქარდეს უკრაინის გამარჯვება.
დაბოლოს, რა როლი ექნება ჩვენს ქვეყანას ახალ მსოფლიო წესრიგში?
– „ქართული ოცნება“ თუ დარჩება მმართველობაში, ახალ მსოფლიო წესრიგში, რა თქმა უნდა, არანაირი როლი არ გვექნება, თუმცა თუ ქვეყნის პოლიტიკურ ველზე მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ასევე, თუ ჩვენ დავუბრუნდებით იმ ძველ რელსებს, რასაც ვიმსახურებთ როგორც გეოგრაფიულად, ისე პოლიტიკურად, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა გავხდებით. მოკლედ, რეალური დემოკრატიული რეფორმების განხორციელების შემდეგ გვექნება უმნიშვნელოვანესი როლი რეგიონში და, ამ ყველაფერიდან გამომდინარე, იმის შესაძლებლობაც, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს ევროპის სიკეთე, თავად ევროპამ კი ის დადებითი, რაც შეიძლება მიიღოს ჩვენი ქვეყნისგან.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • თებერვალი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *