ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
იტალიაში ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების გახსნაზე მონაწილე ქვეყნების ტრადიციული აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვა, ფიცის დადებისა და ცეცხლის ანთების ცერემონია გაიმართა. ეს ღონისძიება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და მასპინძელი ქვეყანა ცდილობს, იგი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. გახსნის გრანდიოზულ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი დაესწრნენ.
ცერემონია მილანის ლეგენდარულ სტადიონზე – „სან-სირო“ გაიმართა, რომელსაც 75 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. მასში 1 250 მოხალისე შემსრულებელი და 500-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობდა, მათგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ ათი წლის იყო. წლევანდელ ოლიმპიადაში 90-ზე მეტი ქვეყანა და 2 900-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ახლა სპორტული მოვლენის ეპიცენტრი სწორედ იტალიის ქალაქები – მილანი და ზამთრის საკურორტო ქალაქი კორტინაა, სადაც ეს თამაშები იმართება.
საქართველოს დელეგაციის მედროშეები ფიგურული მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იყვნენ. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოდან 8 სპორტსმენი სპორტის ორ სახეობაში -ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობს და ქართველ გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, სპორტის ამ სახეობაში მიმდინარე პროცესები აინტერესებს. პირველი ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა იყო. ორი დღის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები ამერიკის, იაპონიის, იტალიის და კანადის ნაკრებებთან ერთად საუკეთესო ხუთეულში შევიდა, რითაც მედლებისათვის ბრძოლის შესაძლებლობა მიეცა. თუმცა საპრიზო ადგილზე გასვლისთვის ჩვენს სპორტსმენებს სულ ცოტა დააკლდათ. ყველაფერი დასკვნით ეტაპზე გადაწყდა, სადაც ნიკა ეგაძე ურთულესი მისიის წინაშე დადგა, მას მამაკაცთა შეჯიბრში იტალიელ მეტოქეზე ორი ქულით მეტი უნდა აეღო, რითაც საქართველო ბრინჯაოს მედალს მოიპოვებდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ნიკა ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ 154 ქულა მიიღო. არადა, მიმდინარე სეზონში მისი საუკეთესო შედეგი, რომელიც სულ ახლახან, ევროპის ჩემპიონატზე დააფიქსირა, 181 ქულა იყო.
ნიკას გამოსვლამდე საქართველოს ნაკრებს 50 ქულა ჰქონდა და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე პოზიციაზე იყო. შესაბამისად, საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ძალიან ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე.
გუნდური შეჯიბრება ოთხი დისციპლინისგან შედგება: სპორტული ცეკვები, რომელშიც დევისი-სმოლკინის წყვილი გამოვიდა (მან 7 ქულა დაიმსახურა), სპორტული წყვილები – მეტელკინა-ბერულავა (9 ქულა), ქალთა ერთეულთა თანრიგი – გუბანოვა (9 ქულა), ვაჟთა ერთეულები – ეგაძე (6 ქულა).
ფიგურულ ციგურაობაში, გუნდურ ასპარეზობაში საბოლოოდ ადგილები ასე გადანაწილდა: აშშ (69 ქულა), იაპონია (68 ქულა), იტალია (60 ქულა), საქართველო (56 ქულა), კანადა (54 ქულა).
აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველომ გუნდური ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად იასპარეზა და საუკეთესო ხუთეულში შესვლაც შეძლო, რაც სულაც არ არის ცუდი შედეგეგი. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლამდე სულ 4 ქულა დააკლდა. აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შესანიშნავი გამოსვლა, ასევე, უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა გულშემატკივრებზე ჩვენმა მოციგურავე ქალმა ანასტასია გუბანოვამ.
დღეს, 9 თებერვალს, ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში ინდივიდუალური ასპარეზობები დაიწყება. საქართველოს ნაკრებიდან პირველები ყინულზე რიტმული ცეკვით დიანა დევისი და გლებ სმოლკინის წყვილი გამოვა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსი სპორტსმენები ოლიმპიადის შეჯიბრებებზე მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით დაიშვებიან, ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოებას, იტალიის შსს-ის ინფორმაციით, ოლიმპიადის მსვლელობას 6 000 თანამშრომელი დაიცავს.
ოლიმპიადის პირდაპირი რეპორტაჟები შეგიძლიათ პირველი არხსა და „პირველი არხი – სპორტზე“ იხილოთ.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს ცნობილ ანტიკურ ამფითეატრში, „არენა დი ვერონაზე“ დაიხურება.
მანანა ძიძიშვილი