კორუფციის ინდექსი 2025: რეიტინგის კლება და პოლიტიკური შეფასებები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა 3 პუნქტით შემცირდა და 50 ქულა შეადგინა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, „საშუალო შედეგია და 2013 წლის, შემდეგ საქართველოსთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში.
ორგანიზაციის განმარტებით, „კორუფციის აღქმის ინდექსი ზომავს, რამდენად არის კორუფციისადმი მოწყვლადი ქვეყნის საჯარო სექტორი, მათ შორის, რამდენად არის გავრცელებული წვრილმანი მექრთამეობა“. ამავე შეფასებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საშუალო ქულა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის“, თუმცა „ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია, რაც საქართველოში მთავარ გამოწვევად რჩება“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანმდევი ანალიზის მიხედვით, „საქართველოს ქულის კლება და კორუფციის რისკების ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული დემოკრატიის უკუსვლასთან და ავტოკრატიის აღზევებასთან“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული „უცხოელი აგენტების კანონი და გრანტების კანონი ანტიდემოკრატიული ზომებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობის კრიმინალიზებას ახდენს და დამოუკიდებელ აქტორებს უცხოელ აგენტებად აცხადებს“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „გაძლიერდა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მედიის შეზღუდვა, არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევა“.
ორგანიზაციის შეფასებით, „2024 წლის სადავო არჩევნებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, საქართველოში ავტორიტარული შემობრუნების ნიშნები გაძლიერდა“, რაც „მწვავედ ზრდის კორუფციის რისკებს და აზიანებს ქართულ საზოგადოებას“.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „ქვეყნების თითქმის ორ მესამედში, სადაც CPI ქულები 2012 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა, შეინიშნება გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ტენდენცია“, ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, „არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში პოლიტიზირებული ჩარევა, დაფინანსებაზე წვდომის შეზღუდვა, ცილისწამების კამპანიები და დაშინება ართულებს კორუფციაზე თავისუფალ საუბარს და ზრდის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკს“.
ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია“ და უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატოს 10 წევრ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს.
„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის! გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია, საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამხელს რეალობას – ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა დეზინფორმაციული კამპანიების გზით“, – წერს პაპუაშვილი.