საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდა ამისა, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად შეხვედრის შემდეგ მიიღო.
როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შედგა შეთანხმება, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, ხოლო არატექნიკურ სპეციალობებზე მომდევნო აკადემიური წლისთვის მიღება აღარ გამოცხადდება.
„ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპს, რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერების იდეას, არსებითად 3+1 სასწავლო პროგრამებზე გადასვლას, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებისა და საკადრო პოლიტიკის დახვეწის გეგმას, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. ამაზე გვქონდა საინტერესო დისკუსიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალს და აკადემიური საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ღირებული იყო დისკუსიები, რომლებიც გაიმართა. შინაარსობრივად დატვირთული იყო ეს დისკუსია და მოხარულები ვართ, რომ შევჯერდით ერთიან გადაწყვეტილებაზე ყველაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.