მთა და ადამიანები – თინათინ მაკარაძე, ქალი, ვისთვისაც სამშობლოში დაბრუნება ყველაზე დიდი ბედნიერება იყო
90 წელი უკან მოიტოვა შუახევის რაიონის სოფელ ოლადაურის მკვიდრმა თინათინ მაკარაძე-ქარცივაძემ. ცხოვრების, შრომის დიდ გზაზე მრავალ განსაცდელს გაუძლო, რაც მასთან საუბარშიც კარგად ჩანს.
– მოსაგონარი და სათქმელი ბევრი მაქვს. პირველ რიგში, მეამაყება, რომ ღირსეული გვარის შთამომავალი ვარ და ბედმა, ასევე, ღირსეული გვარის რძლობა მარგუნა. ორივე გვარს ყველა ეპოქაში ქვეყნისა და ერის სამსახურში დაწინაურებული პიროვნებები ჰყავდა. გადმოცემის მიხედვით, ახმედ მაკარაძე თურქეთის სულთანს ეახლა, ბრძენმა მამულიშვილმა იმისთვის, რომ თავისი კუთხის მიმართ თანაგრძნობით განემსჭვალა, ბამბა დაყარა და სულთანს უთხრა: ჩემს კუთხეში ზამთარში თოვლი ასე ბარაქიანად მოდისო. სთხოვა, ასეთ მკაცრ კლიმატში მცხოვრები მოსახლეობა ხარკისგან გაეთავისუფლებინა. მრისხანე სულთანმა მისი თხოვნა ყურად იღო. სოლომონ მაკარაძე კი პირველი ადგილობრივი კადრი იყო, რომელიც წინა საუკუნის 50-იან წლებში შუახევის რაიონის პირველი პირი გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორი მოწვევის დეპუტატი იყო ელგუჯა მაკარაძე, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია პოეტი მერაბ მაკარაძე. ქარცივაძეების გვარში რძლობა იოლი არაა. ეს ის გვარია, რომელსაც ოსმალოთა ბატონობის წლებში ქართული გვარი არ შეუცვლია. გვარის ისტორიაში ლომან ეფენდი ქარცივაძე დაწინაურებული პიროვნება იყო. მან და მერისელმა ახმედ ხალიფაშვილმა აჭარის მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ მუჰაჯირად წასვლა სიკეთის მომტანი ვერ იქნებოდა. ორივე გვარს, მამაკაცების მსგავსად, ღირსეული ქალბატონების საქმეებიც ალამაზებს. ჩემი მული ნათელა ქარცივაძე (ელგუჯას დედა) საქართველოს უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი გახლდათ. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო ნადია მაკარაძე. მათ გვერდით შრომა მეხალისებოდა. პოეტი ხუტა ბერულავა ოლადაურს რომ სტუმრობდა, ჩვენი საქმიანობა ლექსით შეაფასა. ჩვენი ოჯახის შექმნა იმ წლებს დაემთხვა, როცა სოფლის ხელმძღვანელი მიხეილ დავითაძე იყო. ოლადაურელთა წარმატებებს მთელი ქვეყანა აღიარებდა. მეც 700-800 კილოგრამი ხმელი თამბაქო მომყავდა. შრომით ოჯახს ვარჩენდით, მტერ-მოყვრის თვალში საკუთარ ადგილს ვიმკვიდრებდით.
– როგორც ვიცი, 15 წლისა იყავით, როცა მთელი ოჯახი ოლადაურიდან ყაზახეთში გადაგასახლეს. . .
– ის 3 წელი, რომელიც მშობლებთან, ორ დასა და ძმასთან ერთად ყაზახეთის ტრამალებში გავატარე, ყველაზე მტკივნეული და ავად მოსაგონარია ჩემი 90-წლიანი სიცოცხლის გზაზე. იქ ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი ძმის (ხასანი) ცოლმა. ხასანს მისგან ორი შვილი დარჩა, შოთა 4 წლისაც არ იყო, როცა (1953 წელს) ჩვენთან ერთად დედის საფლავს გამოემშვიდობა. შოთა შუახეველი ახალგაზრდების ლიდერი, წარმატებული სამეურნეო ხელმძღვანელი იყო. იმ წლებში, როცა შუახევის რაიონში მუშაობდა, თბილისში ერთ დიდ შეკრებაზე, სუფრასთან დედის სადღეგრძელო საგანგებოდ დაილია. შოთა მეორე დღეს ყაზახეთში ჩაფრინდა, დედის საფლავს მიაკითხა და მოაწესრიგა… შოთა უკვე 75 წელსაა გადაცილებული, თბილისში ცხოვრობს. შუახეველებმა მისი ღვაწლი „საპატიო შუახეველის“ წოდების მინიჭებით დააფასეს. 3 წლის განმავლობაში ოლადაურიდან შორს ყოფნა ძვირი დაგვიჯდა, ყველაფერი გავერანებულ-გაპარტახებული დაგვხვდა. იხტიბარი არ გავიტეხეთ, მშობლებს შვილებიც გვერდით დავუდექით და ისევ მომქანცველი შრომა გავაგრძელეთ.
– კოლმეურნეობაში შრომა ალბათ, იოლი არ იყო.
– თავს ზევით ძალა არ გვქონდა. ჩემს ოჯახს ფიზიკური შრომა არც ყაზახეთში დაჰკლებია. მშობლებთან ერთად, გოგონები პაპანაქება სიცხეში ბამბის პლანტაციაში ვმუშაობდით, ზამთარში პირუტყვს ვუვლიდით. შრომას შედეგი ყველგან მოაქვს. არც საჭმელ-სასმელი გვაკლდა და არც ჩასაცმელი, თუმცა გვაკლდა ყველაზე მთავარი – სამშობლო. მამამ და ხასანმა ყაზახეთში გამრჯე ადამიანების სახელი დაიმკვდრეს, მაგრამ იქ მუდმივად რომ გვეცხოვრა, ამ ასაკს ვერ მივაღწევდი, სამშობლოს მონატრება მომკლავდა.
– თანამეცხედრედ ოლადაურელი ჭაბუკი აირჩიეთ. ეს სიყვარული იყო, თუ. . .
– ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც სიყვარულის განცდა არ ჰქონია. მე და ნოდარი იმ სკოლის მოსწავლეები ვიყავით, რომელიც ოსმალო დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ახლანდელი შუახევის რაიონის ტერიტორიაზე პირველად აღადგინეს. გადასახლება რომ არა, მეც ზურაბ, ვაჟა, ვახტანგ მაკარაძეების, ვლადიმერ, შოთა მიქელაძეების, აკაკი, ჯემალ ბერიძეების და სხვა თანასოფლელების მსგავსად, უმაღლესი განათლების მიღებას შევძლებდი. ქვეყნის სხვა რეგიონებიდან მოვლინებული მასწავლებლები სანიმუშო მოსწავლედ მიმიჩნევდნენ. უმაღლესი განათლება ჩემი აუსრულებელი ოცნებაა. ნიჭიერება არ მაკლდა. საინტერესო წიგნებს ახლაც ვკითხულობ. თავს მაინც ბედნიერად მივიჩნევ, რადგან ნოდარის სახით ბედმა ოჯახის, შვილების მოსიყვარულე ქმარი მარგუნა. სიყვარულმა, რომელიც ბავშვობის წლებიდან დაიწყო, გაამართლა.
– ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება, ადამიანის სიძლიერე შთამომავლობით ფასდება. . .
– ქალ-ვაჟი გაიზარდა ჩვენს კერაზე. ქალიშვილი ნარგიზი ხულოელი მელაძეების რძალია, სამედიცინო განათლება მიიღო და ახლაც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზეა. მიხარია, რომ სიყვარულსა და სიკეთეზე დაფუძნებული ოჯახი ჰყავს. ნარგიზის მეუღლე, გია მელაძე, ხულოს თეატრის მსახიობი და ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბერმუხას“ აკომპანიატორია. ამ დღეებში მას, მერაბ ქედელიძესა და ზაურ ბოლქვაძეს, ქართული ხალხური საცეკვაო მუსიკის განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს დამსახურებული მუსიკოს-აკომპანიატორის წოდება მიანიჭეს. შვილიშვილი ხათუნა ერთხანს ხულოს კულტურის ცენტრის დირექტორი იყო. ახლა თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. სოსო მელაძე ხულოს თეატრში მუშაობს. მეზობლებსა და მეგობრებში კარგი ავტორიტეტით სარგებლობს ჩემი ვაჟი რევაზი. იგი ჩირუხი-სანალიას ჰესის ინჟინერია. 6 შვილიშვილისა და ერთი შვილთაშვილის მომსწრეს მოსაწყენად არ მცალია.
– 90 წლის იუბილე პირველად ვინ მოგილოცათ?
– ძმის შვილმა შოთა მაკარაძემ, შვილიშვილმა ხათუნა მელაძემ. ორივე თბილისში ცხოვრობს. ცუდი ამინდების გამო საიუბილეო საღამოზე ჩამოსვლა ვერ შეძლეს. გაზაფხულზე ჩამოსვლას შემპირდნენ. ასაკს ტყუილი არ უყვარს, ვერც სიტყვის გატეხვას ჰგუობს. გამიხარდა, ოლადაურელებმა რომ დასამახსოვრებელი საღამო მომიძღვნეს.
– ამ წუთისოფელში თავი ბედნიერად როდის ჩათვალეთ?
– ვისაც სამშობლოს, ადგილის დედის მონატრება არ გამოუცდია, ის ვერ გამიგებს, რა ტანჯვა გამოვიარე. ყაზახეთში მზე ან მთვარე რომ გამოანათებდა, მათზე ვლოცულობდი, იმ განცდით, რომ ჩემი ოლადაურიდანაც ისინი მოჩანდა. უფალს მუდამდღე ვევედრები, რომ ჩემს ჯიშჯილაგს სამშობლო სანატრელი არ ჰქონდეს. 1953 წელს ოლადაურში დაბრუნება ყველაზე დიდი ბედნიერება იყო.
– რას ინატრებდით?
– ქვეყნად მშვიდობას. 5 წლის ვიყავი, როცა ფაშისტურ გერმანიასთან ომი დაიწყო. ოლადაურელი ჭაბუკებიც დაიღუპნენ ამ ომში. 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, მრავალი განსაცდელი და ტკივილი გამოვიარე. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას ჩვენი ახლობელი მერაბ ქარცივაძეც შეეწირა. დღეს საქართველოში მშვიდობაა, რასაც შენება, განვითარება მოაქვს. საცოდაობაა, დედები შვილებს რომ გლოვობენ. წარსულზე ტირილი არ მიყვარს, მაგრამ არც კრიტიკა მომწონს. თუ მაგარი ხარ, შვილმა მამაზე უკეთესი შექმენი და საზოგადოება დაგაფასებს. იმ დროს, რომელშიც ცხოვრება და შრომა წილად მხვდა, ყველაზე დიდი ნაკლი ჰქონდა – უფალს არ ახსენებდნენ, წირვა-ლოცვას გვიკრძალავდნენ. ახლა სოფელში ეკლესიაც გვაქვს და მეჩეთიც. ლოცვას აღარავინ კრძალავს. ჩემი შთამომავლები ეკლესიაში ლოცულობენ.
ოთარ ცინარიძე
გალერეა
