ირაკლი კობახიძე: მზად ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სრულად განახლებისთვის და ამ მიმართულებით შემხვედრ ნაბიჯებს ამერიკული მხარისგან ელოდება.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა – მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, იმდენ ხანს დაველოდებით“, – განაცხადა კობახიძემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან ხელი გაწვდილია, ხოლო ურთიერთობების გადატვირთვა არსებითად აშშ-ზეა დამოკიდებული.
„ჩვენ ღიად გამოვხატეთ მზადყოფნა, ყოველგვარი პირობების გარეშე განვიხილოთ ყველა დეტალი და სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ამერიკული მხრიდან გაკეთებული გზავნილები მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
„ბოლოდროინდელი გზავნილები ოპტიმისტურად განგვაწყობს და მოვლენების განვითარებას დაველოდებით“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება 11 თებერვალს აშშ-ში, ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ სხდომას, კობახიძის თქმით, „ჰელსინკის კომისია არავისთვის საინტერესო არ არის“ და ის „დიფ სტეიტის პატარა ნასხლეტია ამერიკულ სტრუქტურებში“.