მინისტრი სამედიცინო პერსონალს შეხვდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის (BAU) სამედიცინო პერსონალს შეხვდა და პროგრამული სიახლეები გააცნო.
2026 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის დაფინანსება. ინოვაციური სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით. პროგრამის მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ლეტალობის პრევენცია და ძვირად ღირებულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
სამინისტრო გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, ასევე აფინანსებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას, შესაბამისად, აჭარაში კარდიოქირურგია სრულად ფინანსდება.
გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო გულის სარქვლის ძვირადღირებული ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება. აღნიშნული პროცედურა არის ნაკლებად ინვაზიური და კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პაციენტებში.
სამინისტრო გარკვეული სოციალური კატეგორიის მოქალაქეებს, აგრეთვე უფინანსებს გულის დაავადებების სადიაგნოსტიკო ძვირადღირებულ გეგმურ კვლევებს, როგორიცაა გულის ან კორონალური არტერიების ანგიოგრაფია, ენდოკარდიული ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, კარდიოვერსია და სხვა. მიმდინარე წელს პროგრამით ისარგებლებს 4 500 პაციენტი, გამოიყოფა 4 მილიონ 500 000 ლარი.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ღვაწლმოსილ ექიმებს – კარდიოლოგ მერაბ ხვიჩიას და ანესთეზიოლოგ ოთარ ვანაძეს, აჭარის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
გალერეა

