„მეგობრობა სიტყვებით არ იზომება“ – ხელისუფლების შეფასებები შვედი პოლიტიკოსების განცხადებებზე
ხელისუფლების წარმომადგენლები შვედი პოლიტიკოსების განცხადებებს მწვავედ ეხმაურებიან და მათ საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევად აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, შვედი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე მოვლენების „წახალისებაში“ აქტიურად იყვნენ ჩართულნი. შარმანაშვილის თქმით, „ყველასთვის ცნობილია, რა როლს თამაშობდნენ შვედი პოლიტიკოსები იმის წასახალისებლად, რაც საქართველოში ხდებოდა. ისინი აქ მყოფ ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებდნენ „მაიდანიზაციისკენ“ და აცხადებდნენ, რომ ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო და იქნებ, ნელ-ნელა გაზრდილიყო“.
მისივე შეფასებით, მსგავსი მოწოდებები განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როცა „მაიდანი როგორ განვითარდა და როგორი მსხვერპლი იყო, ყველამ კარგად იცის“. დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ფაქტობრივად, შვედი პოლიტიკოსები ქართულ მოსახლეობას მსხვერპლისკენ მოუწოდებდნენ“ და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას – „ქართველი ხალხის მეგობრად რჩება“ – ირონიულად აფასებს: „ასეთი მეგობრობა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ხალხს, ვისაც მეგობარს უწოდებ, ისეთი არეულობისკენ უბიძგებ, რომელიც მსხვერპლით უნდა დასრულდეს“.
ანალოგიური შეფასება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, შვედეთის საგარეო უწყების განცხადება – „შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად“, ეკუთვნის იმავე ხელისუფლებას, რომლის წარმომადგენელმაც, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „საჯაროდ მოუწოდა ქართველ რადიკალებს „მაიდნის“ მოწყობისკენ“.
პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული მოწოდებიდან რამდენიმე დღეში პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა იყო „მოლოტოვის კოქტეილებითა და პიროტექნიკით შეიარაღებული მოძალადეების“ მხრიდან, რასაც პოლიციელების დაშავება მოჰყვა. მისი შეფასებით, „საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება და წუხილი მაინც გამოეთქვა“.
პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ „ქართველი ხალხის მეგობრობა სიტყვებით არ იზომება. მეგობრობა პასუხისმგებლობით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემით მტკიცდება. ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა. მათ შორის დიდი ზღვარია“.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით „არსებობდა სუბიექტური ინტერესები, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს უსაფრთხოებას“. მისი თქმით, გარკვეული აქტორებისთვის პრობლემად იქცა საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებები, მათ შორის კანონების მიღება.
„იყვნენ აქტორები, რომელთათვისაც სწორედ საქართველოს სუვერენული უფლებების განხორციელება პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ ვნახეთ, რომ კანონების მიღებისთვის გაკრიტიკდა საქართველო… მაშინ, როდესაც ეს კანონები სწორედ საქართველოს ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან, ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.
მისივე თქმით, მსგავსი „სუბიექტური ინტერესები“ ახლაც იკვეთება და ხშირად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ქვეყნის უსაფრთხოებაზე.