სანაპირო ზოლზე კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სანაპირო ზოლზე კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ძველი ბულვარის სანაპირო ზოლზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბს, ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.
სამუშაოები ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობითა და ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობით მიმდინარეობს.
დემონტაჟის დასრულების შემდეგ, გაიტანენ სამშენებლო ნარჩენებს, უმოკლეს დროში დასუფთავდება და მოწესრიგდება ტერიტორია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბულვარის ვიზიტიორებისთვის მიმზიდველი და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნას.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, განაშენიანების გეგმის ფარგლებში, უსახური და უნებართვო ობიექტების გამოვლენისა და რეაგირებისთვის მუშაობას აქტიურად აგრძელებს.