ზღვა, გემები და სილურჯეში ჩაფლული ქალაქი – მხატვარი, რომელიც ბათუმის ხასიათს გადმოსცემს
ზღვის უსასრულო ჰორიზონტი, ნავსადგურში გაჩერებული გემები და ძველი ბათუმის ქუჩები – ეს ის სამყაროა, რომელსაც მხატვარი ლადო შარაშიძე თავის ტილოებში აცოცხლებს. მისი ფერწერა ქალაქის ხასიათს ატარებს: ნესტიან ჰაერს, ზღვის ხან ბობოქარ განწყობას, ხანაც სიღრმისეულ სიმშვიდეს. დღეს უკვე ათწლეულების გამოცდილებით, 17-ზე მეტი პერსონალური გამოფენისა და საერთაშორისო ასპარეზზე გატანილი ნამუშევრების ავტორი, ისეთივე გულწრფელი ენთუზიაზმით უბრუნდება ტილოს, როგორც ბავშვობაში. ძველი ბათუმის ქუჩები მისთვის ბავშვობის მოგონება და მუდმივი შთაგონების წყაროა, მხატვრობა კი – ცხოვრების კრედო. ლადო შარაშიძეზე მოგახსენებთ, რომელიც დღეს თავის შემოქმედებაზე გვესაუბრება.
– ბატონო ლადო, როდის და როგორ დაიწყეთ ხატვა?
– რაც თავი მახსოვს, იმ დღიდან ვხატავ. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ბაბუა ხელოვნებათმცოდნე იყო და თავისთავად, მისი სამეგობრო წრე სულ ხელოვანებისგან შედგებოდა. ბავშვობიდან დავდიოდი სახელოსნოებში როგორც მოქანდაკეებთან, ასევე ფერმწერებთან, გრაფიკოსებთან და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბავშვობა მხატვრების სამყაროში გავატარე. ბათუმის სამხატვრო სკოლა დავამთავრე, შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. მას შემდეგ ამ პროფესიაში ვარ.
– გახსოვთ თუ არა პირველი ნახატი, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ მხატვრობა თქვენი გზაა?
– მახსოვს, ბაბუასთან ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო სტუმრად, ახლო მეგობრობა ჰქონდათ. მე ბაბუაჩემის სახელი მქვია, ასე რომ, როცა ერთად ვიყავით, იცინოდნენ, სამი ლადო მოდისო. დავდიოდით ხოლმე ბულვარში, მე – ნაყინის საჭმელად, ისინი – ყავის დასალევად… ერთხელაც ბაბუაჩემმა ჩემი მაშინდელი ნახატები აჩვენა გუდიაშვილს, მახსოვს, ძალიან მოეწონა და მეორე მხარეს დააწერა – „ჩემს მეტოქეს (კარგი გაგებით) – მომავალ მხატვარს“. მაშინ მივხვდი, რომ მხატვრობა ჩემი გზა იყო. ბაბუაც ყველანაირად მიწყობდა ხელს. ყიდულობდა ჩემთვის ფანქრებს, ფლომასტერებს, ტილოებს, რომ ამ სფეროში ბოლომდე ჩავფლულიყავი.

– რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენს შემოქმედებით განვითარებაში?
– ასე ვერ გამოვყოფ, ვთვლი, რომ ზოგადად, მხატვრობა ჩემი ცხოვრების კრედოა და იმ დღეს, როცა არ ვხატავ, უქმად გასულ დღედ ვთვლი.
– რომელი მხატვრული მიმართულება ან ჟანრი გიზიდავთ ყველაზე მეტად?
– ძირითადად, იმპრესიონიზმი მიზიდავს. ისევე, როგორც ყველაფერი დედამიწის ზურგზე, ცვალებადობას განიცდის, ხელოვნებაშიც და ფერწერაშიც იცვლება ყველაფერი. სხვადასხვანაირი ფერები, აზრები, ფერთა გამებია და მათი გადმოცემაც იცვლება, მაგრამ მაინც, ჩემი გაგებით, იმპრესიონიზმი ძირითადი ჟანრია.
– მხატვრები, რომლებმაც თქვენს სტილზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს?
– ჩემს სტილზე არ ვიცი, რამდენად მოახდინეს გავლენა, მაგრამ ჩემი კერპები მხატვრობაში არიან ჰიერონიმუს ბოსხი და მიქელანჯელო.

– თქვენი ნამუშევრებიდან ჩანს, რომ ბათუმი თქვენი მთავარი შთაგონების წყაროა. . . როგორ აისახება ქალაქის ხასიათი თქვენს ნამუშევრებში?
– როგორც ბათუმის ერთ-ერთი ემბლემა იყო ადრე – დელფინი ქოლგით, რადგან ბათუმი წვიმის გარეშე წარმოუდგენელია, ეს ნესტიანი და ცოტა სუსხიანი ქალაქი, ჩემს ნამუშევრებში მაინც მწვანე, ლამაზი, მშვენიერი და გადასარევია.
– ბათუმის რომელი ადგილები ან ქუჩები გაბრუნებთ ყველაზე ხშირად ტილოსთან?
– მე ძველ ბათუმში გავიზარდე, ასე რომ, ძველი ბათუმის თითქმის ყველა ხედი თავისი უნიკალურობით და ჩემი მაშინდელი ბავშვური შთაბეჭდილებებით ახლაც ძალიან კარგად აღიქმება. ალბათ უფრო ეგ ადგილები, რადგან ძალიან ლამაზია.
– დროთა განმავლობაში როგორ იცვლება ბათუმი თქვენს ნახატებში?
– როგორც არქიტექტურა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაღალი კორპუსი აშენდა, მაინც მხატვრულად გამოვსახავ ამ ყველაფერს.
– რას ნიშნავს ზღვა თქვენთვის როგორც მხატვრისთვის?
– ზღვა ეს არის ხასიათი, ფერი და ყველაფერი ერთად აღებული. იგი ცხოვრებაა.
– რა ემოციის გადმოცემას ცდილობთ ზღვის თემატიკის ნამუშევრებით?
– სიმშვიდის და სივრცის.
– როგორია ხატვისას თქვენი იდეალური სამუშაო გარემო?
– ხატვისას მუსიკას ვუსმენ. გაგიკვირდებათ და, მძიმე როკით ვიწყებ და ბოლოს კლასიკით ვამთავრებ (იცინის). თავიდან ენერგიაც მოზღვავებულია და მძიმე როკი კარგად მიდის, შემდეგ ნელ-ნელა ენერგიაც იკლებს და მელოდიაც იცვლება, უფრო წყნარდება და კლასიკაში გადადის.
– თქვენს გამოფენებზე გვიამბეთ. . . რამდენი გამოფენა გქონდათ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ?
– სადღაც 17-18 პერსონალური გამოფენა მაქვს მოწყობილი. ბოლო გამოფენა დუბაიში მქონდა, მანამდე – ვილნიუსში, იქამდე კი რიგაში. მარტში 60 წლის ვხდები და ბათუმში იუბილესთან დაკავშირებით ვაპირებ პერსონალური გამოფენის ჩატარებას.

– რომელი გამოფენა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
– რა თქმა უნდა, შენს ქალაქში, შენს სახლში გაკეთებული გამოფენა ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან შენი ახლობლები, მეგობრები არიან შენ გვერდით. ცხადია, მათი შეფასება, მათი ნათქვამი სიტყვა გულთან უფრო ახლოს მოდის და გსიამოვნებს, ვიდრე უცხოელის, თუმცა, საზღვარგარეთაც მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. მახსოვს, პირველი პერსონალური გამოფენა 12 წლის ასაკში მქონდა, მითოლოგიურ თემაზე. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და იკრძალებოდა რელიგიურ თემებზე ნახატები. ჩემზე მაშინ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოთხრობამ „მწირი“ და სწორედ ამ თემაზე მქონდა შექმნილი კომპოზიციები. ასევე, მახსოვს, წელიწადში ერთხელ თბილისში, პიონერთა სასახლეში საკავშირო გამოფენები იმართებოდა და იქ ჩემმა ნამუშევარმა პირველი ადგილი აიღო. სამწუხაროდ, ის ნახატი დაიკარგა, როცა მივაკითხეთ, ვეღარ ვნახეთ. ერთ სიხარულს მეორე სამწუხარო ამბავი მოჰყვა.
– მუშაობთ თუ არა შეკვეთებზე და როგორია ეს პროცესი თქვენთვის?
– ალბათ ერთადერთი მხატვარი ვარ ბათუმში, რომელსაც სამსახური არ აქვს, მხოლოდ სახელოსნოში მუშაობს და ნახატების გაყიდვით ირჩენს თავს და ოჯახსაც არჩენს. რა თქმა უნდა, შეკვეთითაც ვმუშაობ. წინასწარ ვეუბნები, თუ ნახატი არ მოგეწონებათ, პრობლემა არ არის, შეგიძლიათ არ წაიღოთ-მეთქი, თუმცა, ჯერ არ მქონია შემთხვევა, ჩემი ნამუშევარი არ მოსწონებოდეთ.
– რა გეგმები გაქვთ?
– მინდა, რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო მქონდეს, რომ ვხატო.
მარიამ ხითარიშვილი
