თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რიჩარდ ბახის ფილოსოფიური მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის „თოლია – ჯონათან ლივინგსტონი“ რეპეტიციები აქტიურ ფაზაშია. პრემიერა მალე გაიმართება. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ მორიგი დადგმა კი არა, ეს რეჟისორისთვის 25 წლის წინანდელი სურვილის შესრულებაა.
რიჩარდ ბახის პატარა, მაგრამ დიდი იდეის მატარებელი ტექსტი გვიყვება ინდივიდზე, რომელიც ბრბოს წესებს არ ემორჩილება. ჯონათანისთვის ფრენა მხოლოდ საკვების მოპოვება არ არის, ეს სრულყოფილებისკენ სწრაფვაა. განსხვავებულობის გამო იგი გარიყულია, მაგრამ სწორედ განდევნა აძლევს ძალას, გააცნობიეროს, რომ ნამდვილი თავისუფლება შინაგანი შრომისა და განვითარების შედეგია. მოგვიანებით ის ბრუნდება არა შურისძიებისთვის, არამედ გასაზიარებლად.
სპექტაკლს რეჟისორი ლელა ჭინჭარაული დგამს, რომლისთვისაც „თოლია“ შემთხვევითი არჩევანი არ არის.
„ეს თოლია ჩემთან 25 წლის წინ მოფრინდა,“ – ამბობს იგი – მაშინ, როცა სარეჟისოროზე ვსწავლობდი. ამ წიგნმა ჩემში აზროვნება შეცვალა და მაშინვე გაჩნდა სურვილი, დამედგა“.
პირველი თარგმანი სტუდენტობის წლებში გააკეთა. პედაგოგის პასუხი კი მკაფიო იყო – ეს თოჯინური ფორმისთვისაა შექმნილი.
„იმ წუთს მეწყინა, – იხსენებს რეჟისორი, მაგრამ დღეს ვხედავ, რამდენად ზუსტი ხედვა იყო ეს.“
დრო გავიდა. საკუთარი თეატრიც შექმნა, გეგმებიც ჰქონდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს „თოლიას თბილისში არ უნდოდა აფრენა“:
„თუ თოლია დაგემართა და გადაგედო, მისგან ვეღარ განიკურნები, ის შენთან რჩება. ეტყობა, მისი პირველი ფრენა ბათუმში უნდა მომხდარიყო.“
ბათუმის თოჯინების თეატრში ფესტივალზე მოხვედრამ, იქ ნანახმა სპექტაკლებმა და აქაურმა გარემომ რეჟისორის გადაწყვეტილება საბოლოოდ გაამყარა.
„შეგრძნება მაქვს, თვითონ თოლია მოფრინდა ბათუმში და მე, როგორც გამტარს, მომცა უფლება, ეს ისტორია გამეცოცხლებინა.“
რეჟისორის ხედვით, მისი „თოლია“ მხოლოდ ფრინველი არ არის –
„ჩემი თოლია არის მფრინავი და ფრთიანი ადამიანი.“
სპექტაკლი სხვადასხვა ფორმის სინთეზი იქნება – ტექსტი, მოძრაობა, მარიონეტები, ჩრდილები, ვიდეოპროექცია. თუმცა მთავარი ფორმაზე მაღლა დგას.
„სწავლა და განათლება არის თავისუფლება,“ – ამბობს ლელა ჭინჭარაული. – „თავისუფლება არ არის ჭიდაობა და შუღლი. დაუღალავი შრომითა და განვითარებით შეიძლება მიაღწიო მას.“
სპექტაკლი განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეძღვნება, მათ, ვინც საკუთარ გზას ეძებს და ხშირად განსხვავებულობის გამო, გაუგებრობას აწყდება.
„თუ შენ გინდა – შენ შეძლებ. ყველაფერი იქიდან იწყება, რომ გინდა.“
რეჟისორისთვის „თოლია“ მოქმედების მანიფესტიც არის:
„ყოველთვის საქმით უნდა დავიწყოთ. ბევრ ლაპარაკს ჯობს ჰორიზონტალური ფრენა. იმუშავეთ, განავითარეთ გონება და შეძლებთ ყველაფერს“, – ამბობს იგი.
მუსიკას სპექტაკლისთვის კომპოზიტორი გოგი ძოძუაშვილი წერს, ვიზუალურ გადაწყვეტაზე კი მარიამ გიგაური მუშაობს.
ზღვისპირა ქალაქში, სადაც თოლიები ყოველდღიურ პეიზაჟს ქმნიან, ახლა კიდევ ერთი, სიმბოლური თოლია ემზადება აფრენისთვის. ეს იქნება ისტორია მათთვის, ვინც განსხვავებულობის გამო არ ნებდება, ვინც იცის, რომ თავისუფლება ხმამაღალი განცხადება კი არა, შრომით მოპოვებული შინაგანი სივრცეა.
იმედა თავდგირიძე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორის მოადგილე, აღნიშნავს, რომ „თოლია – ჯონათან ლივინგსტონი“ თეატრისთვის წინასწარ დაგეგმილი და გააზრებული პროექტია, რომელიც 2025 წელს, ირაკლი კიკვაძესთან ერთად დაიგეგმა და უკვე 2026 წლის თებერვალში ხორციელდება.
იმედა თავდგირიძე ხაზს უსვამს, რომ რეჟისორ ლელა ჭინჭარაულის ხელწერა სპექტაკლს ინოვაციურ და გამორჩეულ ფორმას შესძენს. მისი შეფასებით, მაყურებელი იხილავს საინტერესო ვიზუალურ გადაწყვეტებსა და თეატრის სახელოსნოში შექმნილ ორიგინალურ თოჯინებს. როგორც მან აღნიშნა: „თეატრის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, საქართველოში თოჯინურ სფეროში რიჩარდ ბახის „ჯონათან ლივინგსტონის თოლია“ ჯერ არ დადგმულა, შესაბამისად, ეს პირველი მცდელობა იქნება, რომ ღრმად ფილოსოფიური ნაწარმოები სასცენო ენით გაცოცხლდეს“. მისი თქმით, სპექტაკლის მთავარი მისია მომავალი თაობისთვის სულიერი საზრდოს მიწოდებაა და იმედოვნებს, რომ სცენაზე შექმნილი ჯადოსნური სამყარო მაყურებელს დიდხანს დაამახსოვრდება.
იმედა თავდგირიძე, ასევე, აჯამებს თეატრის გასულ სეზონს და მას მნიშვნელოვან შემოქმედებით ეტაპად აფასებს:
„გასული სეზონი წარმატებული იყო თეატრისთვის, დაიდგა 5 ახალი სპექტაკლი, თეატრი გასტროლზე იმყოფებოდა ბულგარეთსა და ყაზახეთში, სადაც ერთი პრიზი და ფულადი ჯილდო მიიღო საუკეთესო მხატვრობისთვის. ჩატარდა ბათუმის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ძალიან საინტერესო სპექტაკლები იხილა მაყურებელმა. თეატრი იმყოფებოდა მაღალმთიან აჭარაში, „შუამთობის“ დღესასწაულზე, სადაც 4 სპექტაკლით, დღეში 2-ჯერ, 4 დღის განმავლობაში წარსდგა მაყურებლების წინაშე. დაიგეგმა საერთაშორისო პროექტი, კორპროდუქცია – თურქეთის ანკარის თოჯინების თეატრის, ყაზახეთის ალმათის ახალგაზრდული თეატრისა და ბათუმის თოჯინების თეატრის საერთო სპექტაკლი უნდა შეიქმნას 2026 წლის ზაფხულში. ასევე, დაგეგმილია ორი გასტროლი ჩინეთსა და უნგრეთში“.
იმედა თავდგირიძის შეფასებით, 2025 წელი თეატრისთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა, და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სეზონი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს შემოქმედებითად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.
ნანა აბულაძე