შალვა პაპუაშვილი: ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს“.
„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს – მე მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დავფიქრდებოდი, რასთან გვაქვს საქმე, თუკი იქ ვინმე არის გულწრფელი, თუკი ისინი არიან ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები, მაშინ გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე. რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს – რა არის ახალი ამაში?! ახალი არაფერია. ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა კონცეფცია, რომელზეც მუშაობდა სამთავრობო კომისია. კონცეფციაში დასახელდა 7 გამოწვევა უმაღლესი განათლების წინაშე. არ არსებობს არცერთი ადამიანი არცერთ უნივერსიტეტში, არცერთ სასწავლებელში და არცერთ საექსპერტო წრეში, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეს 7 პრობლემა. 7 პრობლემაზე ყველა დათანხმდა. ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს, ეს უნდა გავაცნობიეროთ. მცდელობაა წარმოადგინონ, თითქოს, ყველაფერი კარგად არის. არის პრობლემები უმაღლეს განათლებაში. ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებს რაც შეეხება, ამაზეც რამდენიმე თვის წინ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. მათ შორის ისაუბრა „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის“ პრინციპზე. ეს იმდენად ლოგიკური და სწორია, რომ სინამდვილეში სუბიექტური დაინტერესება თუ არ აქვს რომელიღაც ფაკულტეტის დეკანს ან თანამშრომელს, რთულია ამას ვინმე შეეწინააღმდეგოს. არც არავინ ეწინააღმდეგება. ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია და ისინი მიესალმებიან. ყველა მიესალმება ამ პრინციპს. შესაბამისად, ამ პრინციპის მიხედვით მოხდა ადგილების გამოცხადება სხვადასხვა უნივერსიტეტში,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.