პარიზის გრან პალეში აჭარის მხატვრები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ
12–15 თებერვალს, პარიზში, ისტორიულ გრან პალში საერთაშორისო გამოფენა „არტ კაპიტალი 2026“ გაიმართა, რომელშიც ქართველი მხატვრები მონაწილეობდნენ.
იოსებ ჯორბენაძე, ნათია ხუციშვილი, ბექა ტაბაღუა, სერგი (ბაჩუკი) სულაბერიძე და რომან ყაჭეიშვილი პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში საკუთარი ნამუშევრებით აჭარასა და საქართველოს წარმოადგენდნენ. მათი მონაწილეობა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავდა რეგიონის ხელოვანთა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენასა და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას ფართო პროფესიულ წრეებში.
გამოფენის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილი, საელჩოს წარმომადგენლები, აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე, მონაწილე მხატვრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

„არტ კაპიტალი“ ყოველწლიურად აერთიანებს დაახლოებით 3000-მდე ხელოვანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთ სივრცეში წარმოაჩენს ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის, ფოტოგრაფიისა და თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტალაციების ნიმუშებს. გამოფენას ათიათასობით ვიზიტიორი და კოლექციონერი სტუმრობს, რაც მონაწილეებისთვის საერთაშორისო პროფესიული კავშირების დამყარებისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას ქმნის. ქართველი მონაწილეები აჭარის მუზეუმმა ღია კონკურსის წესით შეარჩია.
აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორ თეონა ზოიძის განცხადებით, „არტ კაპიტალი“ მხატვრებისთვის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
– ასეთ სივრცეში მონაწილეობა ნიშნავს პროფესიულ გარემოში საკუთარი შემოქმედების წარდგენას და ახალ შესაძლებლობებს – იქნება ეს გალერისტებთან და კურატორებთან თანამშრომლობა თუ ნამუშევრების გაყიდვა. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ წელს გამოფენაში ახალგაზრდა ხელოვანებიც მონაწილეობდნენ, რადგან საერთაშორისო ასპარეზი მათთვის უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა. აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა კიდევ უფრო აფართოებს ჩვენს საერთაშორისო თანამშრომლობის არეალს და ხელს უწყობს რეგიონისა და ქვეყნის კულტურული პოტენციალის პოპულარიზაციას, – აღნიშნა თეონა ზოიძემ.