ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა სახელმწიფო პროგრამებითაა უზრუნველყოფილი
15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეა, რომელიც მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას.
ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილესთან ლელა სურმანიძესთან ერთად, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა.
საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უზრუნველყოფილია სახელმწიფო პროგრამებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთის სამედიცინო დაწესებულებებში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ფარავს ქირურგიული მომსახურების თანადაფინანსებას, დიაგნოსტიკურ კვლევებს, მედიკამენტურ მკურნალობას. სამინისტრო ასევე, სრულად აფინანსებს 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვას და ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომ აუცილებელ კვლევებს.
მინისტრმა შეხვედრა გამართა სამედიცინო პერსონალთან, რომელსაც ესწრებოდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი.
ექიმებს მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე წლის პროგრამების და სიახლეების შესახებ, რომელიც ხორციელდება ბავშვთა დაავადებების პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით.
გალერეა

