მაკა ბოჭორიშვილის საერთაშორისო შეხვედრები და მთავარი აქცენტები
By

მაკა ბოჭორიშვილის საერთაშორისო შეხვედრები და მთავარი აქცენტები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები უკვე გამართა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთან და ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ევროკავშირის გაფართოების მიმდინარე პროცესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები განიხილა.
მიუნხენში ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაბლო კირნოსთან. მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას. დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული თანამშრომლობა. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროს ფარგლებში, საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.
კონფერენციის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობას, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.
მიუნხენში გამართული შეხვედრების პარალელურად, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საქართველო–აშშ-ის ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ვაშინგტონში უკვე გაიმართა განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით.
„მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უკვე იყო საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში და იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ გადაიხედოს ის მდგომარეობა და მემკვიდრეობა, რაც დღეს არის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიებმა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე გავლენა იქონია, თუმცა, ქვეყანამ არაერთხელ დაადასტურა მზადყოფნა დიალოგისა და ურთიერთობების განახლებისთვის.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ურთიერთობების განახლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან… ეს, პირველ რიგში, მოითხოვს დიალოგს და ურთიერთობებს ორივე მხრიდან, რათა უფრო ცხადად იყოს დანახული, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგში“, – აღნიშნა მინისტრმა.
დღეს, 16 თებერვალს, მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან იურაი ბლანარისთან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრები პრესასთან ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, ისე საქართველოს ევროპული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტიურ წინსვლას.

  • No Comments
  • თებერვალი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *