მოიპოვებს თუ არა მედალს ქართული წყვილი?
იტალიის ქალაქებში – მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. ჩვენი სპორტსმენები სპორტის ორ სახეობაში მონაწილეობენ – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში.
გუშინ ყინულზე სპორტული წყვილი – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გამოვიდnen. მათ მოკლე პროგრამაში მაღალ დონეზე ისრიალეს და 75,46 ქულა დაიმსახურეს, რაც თავისუფალი პროგრამის წინ, მეორე ადგილის დასაკავებლად, სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. ტექნიკურ ელემენტებში მათ – 41,45, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში – 3 4 ქულა დაიმსახურეს. საქართველოს წარმომადგენლებს მხოლოდ გერმანული წყვილი უსწრებს, მესამეზე კანადელები არიან.
ბერულავა-მეტელკინას წყვილი თავისუფალ პროგრამას დღეს, 16 თებერვალს წარმოადგენს და სწორედ დღეს გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა ჩვენი მოციგურავეები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის ამ სახეობაში პირველ ისტორიულ მედალს.
შეჯიბრება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და მას საქართველოს პირველ არხზე იხილავთ. ჩვენი მოციგურავეები ყინულზე ბოლოსწინა – მეთხუტმეტე ადგილზე გავლენ.
გუშინ რამდენიმე ფავორიტი წყვილი გამოდიოდა, მათ შორის იყო 2022 წლის პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული წყვილი.
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა სპორტულ ცეკვებში ოლიმპიადა მე-13 ადგილზე დაასრულა, რაც ოლიმპიადაზე ამ სახეობაში საქართველოს მიერ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. ერთეულებში ნიკა ეგაძე საუკეთესო ათეულში შევიდა – მან მეათე ადგილი დაიკავა, რაც ასევე, პირველად მოხდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ მსაჯთა შემადგენლობაში მეხუთე ნომრით იყო საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე საერთაშორისი ოლიმპიური კომიტეტმა და საერთაშორისო საციგურაო კავშირმა მიიწვია. ქალბატონი სალომე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსს 2010 წლიდან ატარებს. მან არაერთხელ იმსაჯა როგორც მსოფლიო, ისე ევროპის, ასევე, გრან პრის სერიის ეტაპებზე, მსოფლიოს თასზე. გუშინ კი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იმსაჯა. სასიხარულოა, რომ სპორტულ წყვილებში უმაღლესი კატეგორიის მსაჯებს შორის ქართველიცაა.
წარმატება ვუსურვოთ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილს.
მანანა ძიძიშვილი