ირაკლი კობახიძე: უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დაახლოებით 20 000-ზე მეტია უკანონო არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის დაგროვილი სტატისტიკა. გასული ერთი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან მოახერხა იმაზე მეტი უკანონო მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ტემპები უნდა დაჩქარდეს. ამას ემსახურება მათ შორის, დეპარტამენტის გაძლიერება არა მარტო ახალი შენობით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, არამედ ადამიანური რესურსების კუთხითაც. უკვე 5-ჯერ არის გაზრდილი პერსონალის რაოდენობა მიგრაციის დეპარტამენტში, რაც ხაზს უსვამს ჩვენს სერიოზულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ჩვენი ამოცანაა, საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისგან, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ადმინისტრაციული შენობა 150 თანამშრომელზეა გათვლილი და უახლესი ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო ოთახებსა და ადმინისტრაციული წარმოებისთვის განკუთვნილ პროცედურულ სივრცეებს მოიცავს. შენობაში ფუნქციონირებს დაქტილოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური მონაცემების აღებისთვის განკუთვნილი და თავშესაფრის მაძიებელთა მისაღები სივრცეები.
გალერეა

