„ბათუმი ჩემი ახალგაზრდობის შთაგონებაა“ – თურქი ჟურნალისტი  აჭარაზე
By

„ბათუმი ჩემი ახალგაზრდობის შთაგონებაა“ – თურქი ჟურნალისტი  აჭარაზე

რამდენიმე დღის წინ ბათუმს თურქი ჟურნალისტი ილმაზ პარლარი სტუმრობდა. მას ბიექოზის ქართული ასოციაციის კულტურის ელჩმა და წარმომადგენელმა მერი დიასამიძემ უმასპინძლა და აჭარის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა.
სტუმარი იმყოფებოდა ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დააგემოვნა გია აგირბას ცნობილი აჭარული ხაჭაპური, ეწვია აჭარის სკაუტურ ორგანიზაციასა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას. მოინახულა ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობები – ალის და ნინოს ქანდაკება, ანბანის კოშკი, ევროპის მოედანი, პიაცა, ასევე ბათუმის დრამატული თეატრი და ძველი ბათუმის უბნები.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ილმაზ პარლარმა არაერთი სტატია მიუძღვნა,  აჭარასა და საქართველოს რომელსაც პირველად სტუმრობდა.  საკუთარ პუბლიკაციებში იგი განსაკუთრებული სითბოთი და ემოციით აღწერს როგორც ქალაქის არქიტექტურულ იერსახეს, ისე მის კულტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ხელოვნებას.

საერთაშორისო ჯილდოებითა და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით ცნობილი ჟურნალისტი თურქეთსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აღიარებული. მისი კარიერული გზა მრავალფეროვანია –  სამხედრო ოფიცრობიდან – ბიზნესსფერომდე, იქიდან კი ჟურნალისტიკამდე, რომელმაც მას მსოფლიოს დაახლოებით 80 ქვეყანაში მოგზაურობისა და სხვადასხვა კულტურასთან უშუალო კავშირის დამყარების შესაძლებლობა მისცა. სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამოაყალიბა მისი ხედვა, რომელიც დღეს კულტურის, დიპლომატიისა და საზოგადოებრივი პროცესების გაშუქებაში იკვეთება.

ილმაზ პარლარი დღეს ერთ-ერთ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოში საინფორმაციო კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობს. მისი საქმიანობა არაერთი პრესტიჟული ჯილდოთია დაფასებული, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური სენატის წარმატების ჯილდო, ასევე, იუნესკოსა და გაეროსთან დაკავშირებული გლობალური მშვიდობისა და სრულყოფილების ჯილდოები. კულტურულ-საინფორმაციო საქმიანობისთვის იგი დაჯილდოებულია „ყარაპაპაყთა ორდენითა“ და უზბეკეთის „მშობლიური მიწის ღირსების“ ორდენით. ამასთან, არის აბრეშუმის გზის სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და „მსოფლიო ყარაპაპაყ თურქების კავშირის“ დამფუძნებელი თავმჯდომარე.
ბათუმთან მისი კავშირი ახალგაზრდობიდან იწყება. ჟურნალისტი იხსენებს, რომ კავკასიურ ფოლკლორულ სცენაზე გამოდიოდა და სწორედ მაშინ ეუფლებოდა „ორთა ბათუმის“ ცეკვებს.
„ბათუმისადმი ჩემი სიყვარული და სიმპათია ახალგაზრდობიდან დაიწყო. იმ წლებში ვხედავდი, რომ კავკასიურ ცეკვებს საუკეთესოდ ახორციელებდნენ ქართველი ფოლკლორისტები, რაც დღემდე ჩემს შთაგონებად რჩება,“ – აღნიშნავს ილმაზ პარლარი.
მისი თქმით, ბათუმში ვიზიტი მისთვის ნოსტალგიური და ამავდროულად, პროფესიულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
„ის ცეკვები, რომლებიც ახალგაზრდობაში სცენაზე შემქონდა, დღეს ამ მშვენიერი ქალაქის ქუჩებში კვლავ ვიგრძენი. ქართველი ხალხის სითბოს, სტუმართმოყვარეობას და მდიდარ კულტურას ყოველთვის განსაკუთრებულ ფასეულობად მივიჩნევ,“ – ამბობს იგი.

თავის სტატიებში ილმაზ პარლარი აჭარას კულტურულ ხიდად მოიხსენიებს, რომელიც საქართველოსა და თურქეთს ისტორიულად აკავშირებს. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქართულ ხელოვნებაზე, ფოლკლორზე, არქიტექტურასა და თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაზე,  როგორც ერთ მთლიან, ცოცხალ და განვითარებად სივრცეზე.
ჟურნალისტი დღესაც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას როგორც თურქეთში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ბათუმზე დაწერილი მისი პუბლიკაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კულტურა და ხელოვნება ქვეყნებს შორის ყველაზე მტკიცე და გრძელვადიანი კავშირების შექმნას ახერხებს.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • თებერვალი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *