ფრაქციის თავმჯდომარე – ხუთი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 19 წევრს აერთიანებს, მას ემზარ აბაშიძე ხელმძღვანელობს. დღეს იგი ფრაქციის საქმიანობასა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება.
– ბატონო ემზარ, მეხუთე წელია, რაც წარმომადგენლობით ორგანოში მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ხართ, ამ ნდობას რა საქმეებით პასუხობთ?
– ვიდრე კითხვაზე გიპასუხებდეთ, მადლობა მსურს გადავუხადო იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მმართველი პარტიის პროპორციულ სიას და მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს მხარი დაგვიჭირეს. დიდი ნდობა დამაკისრეს და შევეცდები, წინა მოწვევის მსგავსად, მათი წინადადებების, სურვილების, საერთო და პირადი პრობლემების მოგვარების ეპიცენტრში ვიყო. ჩემი საქმიანობა მარტო მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით არ შემოიფარგლება, უფრო დიდია პასუხისმგებლობა, როცა 19-წევრიან ფრაქციას ვუძღვები. კარგადაა ცნობილი ის პოლიტიკური მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა და მოქმედი ხელისუფალი ამ ეტაპზეა. ქვეყნის შიგნით არსებულ ოპოზიციას გარე ძალებიც უერთდებიან. მმართველი პარტიის შორს გამიზნული და ოპერატიული პოლიტიკა რომ არა, დღეს როგორ ვიქნებოდით, რთული სათქმელია. მე ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ფრაქციაში ერთსულოვნებაა, რასაც ცხადყოფს უმრავლესობის შეხვედრები. უკვე წესად დავამკვიდრეთ, რომ საკრებულოს სხდომის წინა დღეს უმრავლესობის შეხვედრა იმართება. სხდომაზე წარდგენილი პროექტების თაობაზე საქმიანი მსჯელობა მიდის, თვითკრიტიკულებიც ვართ.
– წლის მეორე თვეა, ცნობილია ის პროგრამები და პრიორიტეტები, რაც წელს უნდა განხორციელდეს. როგორია ფრაქციის წევრთა დამოკიდებულება ამ ამოცანების მიმართ?
– სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელი 3 მილიონზე მეტით გაზრდილი ბიუჯეტით დავიწყეთ. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ფრაქციის თითოეული წევრი, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატები, ჩართულნი ვიყავით ბიუჯეტის პროექტის ცალკეული პარამეტრების მომზადებაში. უშუალო კავშირი გვქონდა მერიის შესაბამის სამსახურებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და სოფლის ხელმძღვანელებთან. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაფართოებულ სხდომაზე, როცა ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა, მნიშვნელოვანი დამატებანიც შევიტანეთ, რასაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს პირველმა პირებმა მხარი დაუჭირეს. ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე რომ დავამტკიცეთ, აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. დიდია ჩვენი ჩართულობა იმ 25 სოციალური პროგრამის რეალიზაციაში, რომლებიც უკვე დაწყებულია. დეპუტატები ამომრჩევლებთან საჯარო და ინდივიდუალური შეხვედრებისას მთავარ ყურადღებას ვუთმობთ იმ პროგრამების გაცნობას, რომლებიც მათ ჩართულობას საჭიროებს და საერთო კეთილდღეობას წაადგება. დეპუტატები უყურადღებოდ არ ტოვებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. არსებული ბუნებრივ-კლიმატური პირობები მთაში მცხოვრებთ ხშირად ურღვევს სიმშვიდეს. ბოლო წლებში გახშირებულია მეწყრული პროცესები, რაც დაზარალებული ოჯახებისადმი თავისებურ მიდგომას საჭიროებს. ამ ეტაპზეც რამდენიმე ტერიტორიაზე კრიტიკული მდგომარეობაა.
– ფრაქციის წევრია შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე. როგორია მიდგომა განათლების რეფორმისადმი?
– რესურსცენტრის უფროსის მსგავსად, ფრაქციის 7 წევრი პროფესიულად დაკავშირებულია განათლებასთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ რეფორმებს, რომლებიც ამ ეტაპზე განათლების სისტემაში მიმდინარეობს. სკოლა, სკოლამდელი დაწესებულება ჩვენი სოფლების მასულდგმულებელია. იმასაც ვხედავთ, რომ მოსწავლეთა კონტინგენტი მინიმუმამდეა ჩამოსული. მისასალმებელია, რომ სკოლების ოპტიმიზაციაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ მიდის. ის თითოეული თეთრი, რომელიც განათლების სისტემას ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ბიუჯეტიდან ხმარდება, მიზნობრივად უნდა გამოვიყენოთ. კარგია, რომ უახლოეს წლებში რამდენიმე სოფელში სკოლის ახალი შენობების აგება იგეგმება. წინა ხელისუფლება თავს იწონებდა, 4 სოფელში ბაგა-ბაღები რომ გახსნა. ამ ეტაპზე შუახევში 15 ძირითადი და 8 ალტერნატიული ბაგა-ბაღია, რომლებშიც 250-მდე ადამიანია დასაქმებული. შორეულ სოფლებში – ნაღვარევსა და კარაპეტშიც კი ალტერნატიული ბაღები მოქმედებს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელი აქვთ მოწერილი აწ განსვენებულ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძესა და მწერალს, პროფესორ რამაზ სურმანიძეს. მათ უკვდავსაყოფად დაწესებულია მუნიციპალური სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისთვის. სტიპენდიების დაწესების შემდეგ მოიმატა წარჩინებულთა რაოდენობამ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებულმა გრანტებმა. ფრაქციის წევრები ჩართულნი არიან იმ კომისიაში, რომელის სტიპენდიის მოპოვების კრიტერიუმებს განსაზღვრავს.
– თუ გადავხედავთ ბოლო დროს საკრებულოს სხდომებზე განხილულ პროექტებს, რამდენიმე თქვენი ფრაქციის წევრების მიერაა ინიცირებული. როგორია ამ საკითხების ბედი?
– ამაგი უნდა დავუფასოთ საკრებულოს ყოფილ წევრ გიორგი კეკელიძეს, ამჟამად მოქმედი საკრებულოს წევრებს: ფრიდონ ფუტკარაძეს, ფატი ჭაღალიძეს, გურამ ზოიძეს, თენგიზ ივანაძეს. მათ მიერ ინიცირებული პროექტების შემდეგ გარკვეული შეღავათები დაუწესდათ ომის ვეტერანებს, სტიპენდიები – წარმატებულ სპორტსმენებს, გაუმჯობესდა დედათა და ბავშვთა სამედიცინო პატრონაჟი. ამ ეტაპზე სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის პროექტი მზადდება. მერია, საკრებულოს ხელმძღვანელი ბირთვი და ჩვენ დეპუტატების მიერ ინიცირებულ პროექტებს მნიშვნელობას არ ვუკარგავთ.
– ოთხი ერთის გარდა, კომისიის თავმჯდომარე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრია. როგორია მათდამი დამოკიდებულება?
– საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თაობაზე უკვე ვისაუბრე. საქმიანია ჩემი ჩართულობა სხვა კომისიების მუშაობაში. განსახილველი პროექტის შესახებ კომისიის სხდომაზე მსჯელობა რომ მიდის, ფრაქციის წევრები საჭირო შენიშვნებს გამოვთქვამთ, რაც პროექტშიც აისახება. კომისიების თავმჯდომარეები გიორგი, გია დავითაძეები, გურამ ზოიძე, ედნარ კეჟერაძე, გოჩა მიქელაძე დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მათგან გიორგი დავითაძე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრია. ამ პარტიის ფრაქციას ზაზა დავითაძე ხელმძღვანელობს.
– საკრებულოში ხუთი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ხართ, ამ ეტაპზე რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ ოჯახების რაოდენობა არ შემცირდეს?
– დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე შენდება მცირე ჰესი, რომლის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ რამდენიმე ადგილობრივი დასაქმდება. ეს მაგალითი იმიტომ მოვიშველიე, რომ დადგა დრო, დავიწყოთ მუშაობა ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების ხალხის სამსახურში ჩაყენებაზე. უკვე ცნობილია, რომ კიდევ ერთი მცირე ჰესის მშენებლობა იწყება მდინარე ჩირუხისწყალზე. ადრე აგებული ჩირუხი-სანალიას მცირე ჰესი უკვე ტურისტული ობიექტია. დაწყებულია მუშაობა ისტორიული ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციაზე. ტურისტი რომ მოვიზიდოთ, იგი ღირსშესანიშნაობასთან ერთად ადგილობრივი კულინარიით, ეკოლოგიურად საღი ხილით, ბოსტნეულითა და ბაღჩეულით უნდა მოვხიბლოთ. სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარება საშური საქმეა. ქიძინიძეები ჩემი მშობლიური სოფელია, ისიც დაცარიელების საფრთხის წინაშეა. დროა გამოჩნდეს მეწარმე, რომელიც არსებული სათიბ-საძოვრების ბაზაზე მეცხოველეობის ფერმას მოაწყობს. კარგი მაგალითია სოფელ გოგინაურში არსებული მეცხოველეობის ფერმა. სისუფთავისთვის საუბარი არაა საჭირო, უნდა დაგავო. დროა, ჩვენც სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთ. ჩვენი სოფლები ერთ დროს ოჯახებსაც არჩენდა და ქვეყნის ყულაბაში სათანადო წვლილიც შეჰქონდა.
ოთარ ცინარიძე