საქართველო–სლოვაკეთის დიალოგი: ევროინტეგრაცია, სუვერენიტეტი და ეკონომიკური თანამშრომლობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მთავარი აქცენტები გაკეთდა ევროკავშირთან დიალოგზე, სუვერენიტეტის დაცვასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.
ბლანარის განცხადებით, სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კომუნიკაციის გაგრძელებას: „მომხრე ვართ, რომ ეს დიალოგი შენარჩუნდეს, რათა ერთმანეთის მიმართ ვიყოთ მართლები“. მისივე თქმით, საჭიროა დეზინფორმაციის გამორიცხვა და პოზიციების გარკვევა.
ეკონომიკურ ნაწილში სლოვაკეთის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს 7%-იან ზრდას: „რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“ და დააანონსა ეკონომიკური ატაშეს გამოგზავნა, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა მწვანე ენერგიის, ინოვაციებისა და სხვა სფეროებში. ასევე, აღნიშნა, რომ სლოვაკეთი და საქართველო „მხარს უჭერენ ერთმანეთის კანდიდატურებს საერთაშორისო ორგანიზაციებში“ და გახსნილია საკითხი, რომ საქართველო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს.
ბლანარმა ისაუბრა არჩევნების თემაზეც და აღნიშნა: „ჩვენი ვალდებულებაა, პატივი ვცეთ არჩევნების შედეგებს“, ამასთან გააკრიტიკა სანქციებზე საუბარი და თქვა, რომ არ ხედავს საფუძველს საქართველოს მიერ სანქციებისთვის თავის არიდების ბრალდებებზე.
თავის მხრივ, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა სუვერენიტეტისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე: „სუვერენიტეტის დაცვა არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა“.
ევროინტეგრაციაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ საქართველო „გულწრფელად მიისწრაფის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“ და 2030 წლისთვის მიზნად ისახავს, იყოს „ყველაზე უკეთ მომზადებული კანდიდატი ქვეყანა“.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ მხარესთან, რათა სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი ამოცანაა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა.
შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით.