ნუგზარ ციციანი: კარგ მასწავლებელზე დიდი მეგობარი არ მეგულება
By

ნუგზარ ციციანი: კარგ მასწავლებელზე დიდი მეგობარი არ მეგულება

 ციციანები შუახევის რაიონის სოფელ ცხემლისში სახლობენ.  ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწე ნუგზარ ციციანი ამ გვარის ტრადიციების გამგრძელებელია.

– ბატონო ნუგზარ, ცნობილ პოეტ ერეკლე საღლიანს თუ ვერწმუნებით, ციციანები სვანეთს აღარ შემორჩნენ. შუახევში როგორ დამკვიდრდით?

– უხუცესებისგან მსმენია, რომ სამი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბიჭი მოსულა სოფელ ცხემლისში და აქაური ქალიშვილისთვის ხელი უთხოვია. იმრავლა გვარმა. ახლა ცხემლისელი ციციანების  შთამომავლობა 10-მდე ოჯახს ითვლის. გვარში მრავალი წარმატებული პიროვნება გვყავდა. წინა საუკუნეში იოსებ ციციანს გამოარჩევდნენ. მას მთელი აჭარა იცნობდა.

– გვარის უხუცესებმა სვანური ენა თუ  იცოდნენ?  

– სამწუხაროდ, ენა არავინ იცოდა. მახსოვს, ერთ ღონისძიებაზე იოსებ ციციანი  მესტიაში მიიპატიჟეს, სვანურად გამოელაპარაკნენ, პასუხი ვერ გასცა. ქართულად უთხრა: ოსმალოთა ბატონობის წლებში მრავალი გვარი დაიკარგა, აჭარაში მცხოვრებმა სვანებმა გვარი გადავარჩინეთ და ენის არცოდნას ნუ გვისაყვედურებთო.

ქვეყნის სხვა კუთხეებში მცხოვრები ციციანები თუ მოგიძებნიათ?

– შუახევში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ იმართება. პოეტი ერეკლე საღლიანი გვესტუმრა. დიდი ამბით ვეახელი და ჩვენი აჭარაში დამკვიდრების შესახებ ვუამბე. ციციანები სვანეთშიც კი კარგა ხანია აღარ არიანო, მითხრა. მას შემდეგ აღარ მიძებნია.

– ნახევარი საუკუნე უკან მოიტოვეთ – თქვენი განვლილი გზა.

– პროფესიით  პედაგოგი ვარ, სპეციალობით ვმუშაობ ცხემლისის საჯარო სკოლაში. წლების განმავლობაში ჭვანის თემს ვხელმძღვანელობდი, ახლაც სოფლის ხელმძღვანელი ვარ. მეც წინაპრების საქმეებს ვაგრძელებ, მრავალი ოჯახი სოფელს ტოვებს, მე არსად წასვლას არ ვაპირებ. მეუღლეც პედაგოგია.

– სოფელი, საზოგადოება ჭვანის ხეობაზე მზრუნველ, ქველმოქმედ პიროვნებად გიცნობთ. ჩამოგვითვალეთ პროექტები, რომლებიც თქვენი ჩართულობით  განხორციელდა

– რომელი ერთი ჩამოვთვალო: შუახევში სოფლად პირველი ბაგა-ბაღების გახსნის საკითხი დღის წესრიგში  რომ დადგა, იმდენი ვიზრუნე, რომ ჭვანაშიც ამოქმედდა სკოლამდელი დაწესებულება. მაღალი გამავლობის მანქანებითაც კი შეუძლებელია იმ მთებში მიმოსვლა, სადაც ხეობის მოსახლეობა ზაფხულს ატარებს. ხელისუფლების მხარდაჭერითა და ჩვენი ჩართულობით, შუახევში ასფალტი პირველად ხიჭაური-ჭვანის 5-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო, მოწესრიგდა დასახლებულ უბნებსა და მთებში მისასვლელი საავტომობილო გზები. ჩაბნელებულ სოფლების ცენტრებში გარე განათების მოწყობა დავიწყეთ. ჭვანის თემის ტერიტორიაზეა საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტი და 8 საჯარო სკოლა. ახალდაბაში, წყაროთაში, ცხემლისში სკოლების ახალი შენობები აიგო, შეკეთდა ჭვანის საჯარო სკოლის შენობა, სადაც ხეობაში პირველი ქართული სკოლის აღდგენის 100 წლის იუბილე გადავიხადეთ. სოფელი ახალდაბა და ხიჭაურის დასახლება სასმელი წყლის დეფიციტს განიცდიდა – დავიწყეთ მოძრაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

– პროფესიით პედაგოგი, როგორ აფასებთ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს?

– ჩემი აზრით, რეფორმამ სულზე მოგვისწრო. კარგი იქნება, ისევ საშუალო და არასრული საშუალო სკოლები რომ იყოს საჯაროს ნაცვლად. სავსებით სამართლიანია ერთიანი სახელმძღვანელოებისა და მოსწავლეთა ფორმების შემოღება. როგორც პედაგოგი, ვერ ვგუობდი, როცა მოსწავლე ტელეფონით კლასში შემოდიოდა. ბევრი რამ კიდევ დასახვეწია.

– სამი შვილის მამის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ოჯახური სიწმინდე და ღირებულებები რა ადგილს იკავებს?

– ოჯახს, მის ტრადიციებსა და სიწმინდეს ჩემთვის ოქროს  ფასი აქვს. შვილებთან კარგი ურთიერთობები მაქვს, მოკრძალებულიც კი ვარ, ისინიც მიგებენ. ყოველი წლის 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს,  მაღალ დონეზე აღვნიშნავთ. აქვე გეტყვით, რომ ბავშვების აღზრდაში ბებია-ბაბუების ჩართულობასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს წინაპრებისგან მოგვდგამს ციციანების გვარის შთამომავლებს. ვცდილობთ, ჩვენს შვილებს მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდეთ მეზობლის, მეგობრის, თუნდაც ჩემი კოლეგების შვილებთან.

– ადამიანში ყველაზე მეტად რას აფასებთ?

– სამსახურებრივად, თუნდაც სხვა მიზნით სოფლებში მიმოსვლა ხშირად მიხდება. საუკუნეს მიტანებული ადამიანი მისალმებისას ფეხზე რომ წამოდგება, მოწიწებით დაგიბრუნებს სალამს, ამაზე დასაფასებელი რა უნდა იყოს. ევროპაში ამას ვერ ნახავ, ეს ქართველთა წესია, რაც არ უნდა დაიკარგოს. მომხვეჭელობა არ მომწონს და ვერც უცებ გამდიდრებულს ვიტან. ისეთი ოჯახები მიყვარს, სადაც შრომის ფასი და მადლი იციან.

თქვენთვის მისაბაძი პედაგოგი. . .

–  ელზა ქოქოევა ცხემლისელი ქათამაძეების რძალი იყო. ეროვნებით ოსი   ქალბატონი, უცხო ენას მასწავლიდა. ის ყველა მოსწავლის უფროსი მეგობარი იყო. კარგ მასწავლებელზე დიდი მეგობარი არ მეგულება. როგორც პედაგოგი, ვცდილობ, მას მივბაძო. მის საფლავთან მისვლა და მუხლის მოდრეკა წესად ვაქციე.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • თებერვალი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *