მიგრაცია, ეკონომიკა, დემოგრაფია და სპორტი – პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში
ირაკლი კობახიძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგა და ვრცლად ისაუბრა როგორც მიგრაციის პოლიტიკაზე, ისე ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და სოციალურ საკითხებზე. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა არალეგალური მიგრაციის თემა, რასაც ხელისუფლება „მკაცრი და თანმიმდევრული პოლიტიკით“ პასუხობს.
როგორც მან აღნიშნა, „უვიზო რეჟიმი არ არის უკონტროლო რეჟიმი“ და სახელმწიფო აქტიურად მუშაობს აღსრულების მექანიზმების გაძლიერებაზე. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დაახლოებით 20 000 არალეგალი მიგრანტი იმყოფება, თუმცა მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება. კობახიძის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა „არალეგალური მიგრაციის ნულამდე დაყვანა“.
ამასთან, გამკაცრდა ადმინისტრაციული სანქციები, გაიზარდა ჯარიმები და შემოსვლის აკრძალვის ვადები.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში ბინადრობის ნებართვით 107 000-ზე მეტი უცხოელი სარგებლობს, ხოლო მაქსიმალური მაჩვენებლით უცხოელთა რაოდენობა 257 000-მდე აღწევს. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მონაცემები „არ წარმოადგენს დემოგრაფიულ საფრთხეს“, ხოლო უცხოელი სტუდენტები და დასაქმებულები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ეკონომიკაში. მისი განცხადებით, „მხოლოდ უცხოელი სტუდენტებისგან ბიუჯეტში წლიურად დაახლოებით 300 მილიონი ლარი შემოდის“ და მათი მონაწილეობით „შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი“.
შრომითი ბაზრის შესახებ კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში გარკვეულ სექტორებში არსებობს „სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი“, განსაკუთრებით მშენებლობასა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. სწორედ ამ დეფიციტის შევსებას ემსახურება შრომითი მიგრაციის რეგულირებული პოლიტიკა.
პრემიერი, ასევე, გამოეხმაურა უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებულ კრიტიკას, მათ შორის, კომპანია Eagle Hills-ის პროექტებზე გავრცელებულ შეფასებებს. კობახიძის თქმით, „არაბიზაციის“ თემა „სპეკულაციური კამპანია“ იყო. როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულ პროექტში გაყიდული 257 ბინიდან მხოლოდ 8 შეიძინეს არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა და „ამაზე საუბარი, როგორც მასშტაბურ საფრთხეზე, არ შეესაბამება რეალობას“.
დემოგრაფიის საკითხზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემა გრძელვადიან და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. მისი თქმით, „დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესება ერთჯერადი ნაბიჯებით შეუძლებელია“, საჭირო იქნება როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ინსტრუმენტების გააქტიურება. კობახიძემ არ გამორიცხა კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხის დამატებითი რეგულირებაც და აღნიშნა, რომ „სახელმწიფო მზად არის, იმუშაოს დამატებით სტიმულებზე“.
გამოსვლის დასასრულს პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სპორტულ წარმატებაზე და აღნიშნა, რომ ისტორიული გამარჯვებისთვის სპორტსმენები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა 500 000 ლარს მიიღებენ. მისი განცხადებით, „გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია“ და აღნიშნული გამარჯვება „ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის“.
„მინდა, ჩვენს სპორტსმენებს მივულოცო კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი წარმატება. პირველად ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ მოიგო ზამთრის ოლიმპიადაზე მედლები, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს – ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, ასევე, მათ მწვრთნელებს. ეს არის ისტორიული გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის სპორტის ამ სახეობაში და სპორტის ზამთრის სახეობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის გამოსვლა კონცენტრირებული იყო იმ გზავნილზე, რომ მიგრაციის, ეკონომიკისა და დემოგრაფიის საკითხებზე ხელისუფლება მოქმედებს „კონტროლირებად, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკით“, ხოლო კრიტიკის ნაწილი, მისი შეფასებით, „სპეკულაციურ და ემოციურ ნარატივს ეფუძნება“.