CPT-ის ანგარიში: დემონსტრაციებზე დაკავებულთა მოპყრობა და ციხეებში არსებული პრობლემები
By

CPT-ის ანგარიში: დემონსტრაციებზე დაკავებულთა მოპყრობა და ციხეებში არსებული პრობლემები

წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს განხორციელებული ვიზიტების შესახებ. დელეგაციამ შეაფასა პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა მოპყრობა, მათ შორის, 2024 წლის 29 ნოემბრიდან თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებული დაკავებები, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებული პირობები.
ანგარიშის მიხედვით, „2024 წლის 28 ნოემბრამდე გამოკითხული დაკავებულების აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ პოლიცია მათ სწორად მოეპყრო“, თუმცა დემონსტრაციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში კომიტეტს „მრავლად მიეწოდა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „გამოკითხულ პირთა უმეტესობას აღენიშნებოდა თვალსაჩინო დაზიანებები, ზოგიერთს მძიმე დაზიანებებიც ჰქონდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა“.
კომიტეტის ცნობით, დაკავებულები მიუთითებდნენ, რომ „ნიღბიანი უცნობი პოლიციელები ჯგუფურად აკავებდნენ და განურჩევლად სცემდნენ“, მათ შორის მაშინაც, როდესაც პირებს „ხელბორკილებიანი ხელები ზურგს უკან ჰქონდათ“. CPT ხაზს უსვამს, რომ „ძალადობის რაიმე ფორმას არასდროს აქვს გამართლება იმ პირთა მიმართ, რომლებიც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან“ და ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ დაკავებისას გამოყენებული ძალა იყოს „მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული“. ასევე, რეკომენდებულია, რომ დემონსტრაციებზე განლაგებულმა ნიღბიანმა სამართალდამცავებმა ატარონ თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნები.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა ციხე უნდა დარჩეს დადგენილი ტევადობის ფარგლებში, თითო პატიმარზე მინიმუმ 4 მ² ფართის უზრუნველყოფით. კომიტეტი მიუთითებს, რომ ნახევრად ღია ციხეებთან დაკავშირებით „არანაირი პროგრესი არ მიღწეულა“ და პრობლემებად ასახელებს გადატვირთულობას, პატიმართა შორის ძალადობას, არაფორმალური იერარქიის გავლენას და პერსონალის სიმცირეს.
დოკუმენტში ნათქვამია: „საქართველოში ციხის რეჟიმების განვითარებაში რეალური პროგრესის არარსებობა ხელისუფლების ნამდვილ მარცხს წარმოადგენს“. ასევე, აღნიშნულია, რომ „ბევრი პატიმარი დღეში 23 საათამდე იყო გამოკეტილი საკნებში“, ზოგიერთ შემთხვევაში, თვეებისა და წლების განმავლობაში, სამარტოო საკანში, „ძალიან შეზღუდული კონტაქტით და ხშირად მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ“, რასაც კომიტეტი მიუღებლად მიიჩნევს.
CPT ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიმუშაოს მიზანმიმართული აქტივობების პროგრამები, სრულად დანერგოს ინდივიდუალური სასჯელის დაგეგმვის მექანიზმები და უზრუნველყოს, რომ „ყველა პატიმარს, კვირაში მინიმუმ ერთი საათი ჰქონდეს ვიზიტის დრო“, ვიზიტების პირობები კი გაუმჯობესდეს.
ამასთან, ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ციხის ჯანდაცვის სერვისები.  დაკვირვების მიხედვით, ისინი „ზოგადად კარგი იყო“, საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმებითა და დაზიანებების სათანადო აღრიცხვით.

  • No Comments
  • თებერვალი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *