ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების გეგმა განიხილეს
By

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების გეგმა განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლებმა აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინეს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.

„შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება. როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2025 წელი უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29 პროცენტით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს – შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • თებერვალი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *