დავით ქართველიშვილი: დესტრუქციული ძალებიც ისტორიის სანაგვეს ჩაბარდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გეოპოლიტიკურად „მღელვარე“ მსოფლიოსთან მიმართებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ ქვეყანა ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას. ანალიტიკოსის აზრით, ამაზე მეტყველებს მაკროეკონომიკური სურათი, საგარეო „ფრონტი“, რიგი რეფორმები და წარმატება სპორტში.
„ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ბრუნდება უფრო „ნორმალურ“, მდგრად ტემპზე. ერთდროულად ამყარებს პრაგმატულ სამუშაო ურთიერთობებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან და არც სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი ავიწყდება“, – წერს დავით ქართველიშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ უკანასკნელ 12 წელიწადში, ისე, როგორც არასდროს, ეფექტურად მუშაობს სუსი, შსს და პროკურატურა:
„მთავარია, გვესმოდეს ერთი რამ: მიუნხენში დასრულებული კონფერენცია უსაფრთხოებაზე კი არა, საფრთხეებზე იყო გათვლილი. საქართველოში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ, რისი მინიმოდელიც ხელისუფლებასა და რადიკალებს შორის დაპირისპირებაშია ნაჩვენები, კერძოდ იქ, სადაც უსაფრთხოება საფრთხეებს ებრძვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო ინარჩუნებს იმ იშვიათ კომბინაციას, რომელიც „მღელვარე მსოფლიოში“ გეოპოლიტიკურად ყველაზე მეტად ფასობს: შიდა მართვადობასა და გარე მანევრულობას.
ეს მაკროეკონომიკურ სურათშიც ნათლად ჩანს. ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ბრუნდება უფრო „ნორმალურ“, მდგრად ტემპზე, ხოლო 2026 წლის საბაზო პროგნოზი დაახლოებით 5%-იან ზრდას ინარჩუნებს, რაც ნიშნავს არა ეიფორიას, არამედ სტაბილურობასა და დაბალანსებულ განვითარებას. გლობალური ტურბულენტობის ფონზე, სწორედ ასეთი ზომიერი და პროგნოზირებადი ზრდაა მთავარი პოზიტივი.
საგარეო ფრონტზეც შეინიშნება სახელმწიფოებრივი რეალიზმის ხაზით მიღწეული შედეგები: საქართველო აძლიერებს ფინანსურ ავტონომიას და ახდენს რისკების დივერსიფიკაციას. ერთდროულად ამყარებს პრაგმატულ სამუშაო ურთიერთობებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან და კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორი – ჩინეთიც არ ავიწყდება. სიმბოლური და პრაქტიკული ნაბიჯია ეროვნული ბანკის ჩინეთის საბანკო ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) პირდაპირი წვდომა, რაც რეზერვების დივერსიფიკაციის, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებისა და სავალუტო რისკების მართვის ინსტრუმენტია. ეს არის ფინანსური სუვერენიტეტის გაძლიერება კონკრეტული მექანიზმებით და არა დეკლარაციებით.
შიდა მიმართულებით პოზიტიური დინამიკა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო არ ერიდება რთული სექტორების რეფორმირებას. უმაღლესი განათლების სისტემაში გამოცხადებული რეფორმა („ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“) მიზნად ისახავს უნივერსიტეტების პროფილების გამკვეთრებას და შრომის ბაზართან უკეთეს კოორდინაციას. მიუხედავად კრიტიკისა და დებატებისა, ეს მიუთითებს სურვილზე, რომ გადაიხედოს ადამიანური კაპიტალის ხარისხი და დამკვიდრდეს გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა.
დადებით დინამიკას ემატება ასევე, სპორტული მიმართულებაც, რომელიც რჩება ქვეყნის „რბილი ძალის“ მნიშვნელოვან კომპონენტად. ქვეყნის სპორტული მიღწევები არა მხოლოდ ეროვნული სიამაყეა, არამედ საერთაშორისო ცნობადობის, საინვესტიციო ინტერესისა და ტურისტული იმიჯის გამაძლიერებელი ფაქტორიცაა. ამგვარად, მაშინ, როცა რეგიონსა და მსოფლიოში დაძაბულობა და გაურკვევლობა იზრდება, საქართველოსთვის მთავარი ამოცანაა სწორედ ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება – სტაბილური ეკონომიკა, ფრთხილი საგარეო ბალანსი, გრძელვადიანი რეფორმები და ეროვნული თვითრწმენის განმტკიცება.
თუ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, მთავარ შიდა გამოწვევად რჩება „ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატების“ სხვადასხვა კრიმინალურ ფრონტზე აქტიურობა, რომლებიც ხელისუფლების ექს VIP ჩინოვნიკების მფარველობის ქვეშ წლებია დაუსჯელობის ფუფუნებით სარგებლობდნენ, ამაშიც თვალნათელია პოზიტიური დინამიკა. უკანასკნელ 12 წელიწადში ასეთი ეფექტურობით ამ „სამეულს“ – სუს, შსს და პროკურატურას – ჯერ არ უმუშავია. ამასობაში, დესტრუქციული ძალებიც ისტორიის სანაგვეს ჩაბარდებიან და კონსტრუქციული ოპოზიციაც გამოჩნდება. მოთმინება და მხოლოდ მოთმინება!“, – წერს დავით ქართველიშვილი.