„ლიტ-კინო“ – ახალი სივრცე ლიტერატურისა და კინოს დიალოგისთვის აჭარის მწერალთა სახლში
By

„ლიტ-კინო“ – ახალი სივრცე ლიტერატურისა და კინოს დიალოგისთვის აჭარის მწერალთა სახლში

20 თებერვალს, აჭარის მწერალთა სახლში, ახალი პროექტის – „ლიტ-კინო“ წარდგენა გაიმართება. ინიციატივის მიზანია ლიტერატურული ნაწარმოებებისა და მათი მიხედვით შექმნილი ფილმების სინთეზის ჩვენება, კინოს გააზრებული აღქმის ხელშეწყობა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

პროექტი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც ლიტერატურა და კინო უყვარს და აინტერესებს. „ლიტ-კინოს“ ფარგლებში ყოველ პარასკევს, მწერალთა სახლის მცირე დარბაზში კინოჩვენებები გაიმართება. თვეში მაყურებელი ოთხი განსხვავებული ჟანრისა და თემატიკის ფილმს იხილავს, როგორც ქართულს, ისე უცხოურს.

ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, სადაც აუდიტორია იმსჯელებს კინოსა და ლიტერატურის ურთიერთკავშირზე, სიუჟეტურ და სტრუქტურულ თავისებურებებზე, მწერლის და რეჟისორის ხედვაზე, სტილსა და მთავარ იდეებზე.

პროექტის კოორდინატორი პოეტი, მწერალთა სახლის ლიტერატურული ღონისძიებების ორგანიზატორი და სოციალური ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის „ვურჩიოთ ერთმანეთს ფილმები“ დამფუძნებელი როინ აბუსელიძეა, რომელმაც ამ თემაზე ჩვენს შეკითხვებს უპასუხა.

– „ლიტკინოროგორ დაიბადა იდეა? ეს იყო პირადი შემოქმედებითი საჭიროება თუ მოთხოვნა, რომელიც დროთა განმავლობაში დაგროვდა?

– იდეა კინოსა და ლიტერატურის დიდი სიყვარულიდან დაიბადა. ამდენი წლის შემდეგ, ვიფიქრე – რა მოხდებოდა, თუ ჩემს ორ უსაყვარლეს სფეროს გავაერთიანებდი? ერთი შეხედვით რთული ამოცანა, სინამდვილეში, ბუნებრივად და მარტივად გადაწყდა: ლიტერატურა თავისთავად კინოა, კინო კი – ვიზუალური, ფრთაშესხმული ლიტერატურა.

რამდენად რთულია ლიტერატურულ ტექსტსა და მის ეკრანიზაციას შორის ბალანსის პოვნა? რა შემთხვევაში იგებს კინო და როდის რჩება პირველწყარო უფრო ძლიერი?

– ბალანსის ძიება უფრო საინტერესო პროცესია, ვიდრე რთული. ეკრანიზაციისას ლიტერატურის გარკვეული ნაწილი იკარგება, თუმცა ტექსტიც იძენს ახალ მნიშვნელობასა და ინტერპრეტაციებს. არის შემთხვევები, როცა ტექსტი სჯობს ფილმს და პირიქითაც. მაგალითად, „ჯარისკაცის მამა“, „ფორესტ გამპი“ და „გაქცევა შოუშენკიდან“ – ეს ეკრანული ვერსიები ჩემზე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მათი ლიტერატურული პირველწყაროები.

პროექტის ფარგლებში დისკუსია ერთერთი მთავარი ნაწილია. როგორ წარმოგიდგენიათ დიალოგი აუდიტორიასთანკრიტიკული ანალიზი იქნება ეს, ემოციების გაზიარება თუ ინტელექტუალური პოლემიკა?

– აუდიტორიასთან ცოცხალი დიალოგი ჩემთვის ახალი გამოცდილება იქნება. დასაწყისში შერჩეული ფილმები, ალბათ, მაყურებელს რადიკალურ დაპირისპირებამდე არ მიიყვანს, თუმცა წინასწარ ზუსტი სურათის წარმოდგენა რთულია. მოლოდინი დიდი მაქვს – მგონია, რომ სწორედ ეს დიალოგები გახდება პროექტის ყველაზე საინტერესო ნაწილი.

დღეს რამდენად მზად არის მაყურებელი კინოს სიღრმისეულად გააზრებისთვის და არა მხოლოდ გასართობ ფორმატში მისაღებად?

– მაყურებლის ინტერესი, ვფიქრობ, სწორედ იმ სინთეზითაა განპირობებული, რომელიც ლიტერატურასთან შეხვედრას გულისხმობს. მათ ვთავაზობთ სივრცეს – ნავსაყუდელს, სადაც კინოსა და ტექსტის ირგვლივ გაჩენილი აზრები და კითხვები დიალოგად იქცევა. ეს სივრცე, სამომავლოდ, ბევრ მნიშვნელოვან საუბარს დაბადებს…

შეიძლება თუ არა ლიტკინო ახალგაზრდებისთვის კრიტიკული აზროვნების ახალი სკოლა გახდეს?

– პროექტის განვითარების პერსპექტივას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში – სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებში ვხედავ. „ლიტ-კინო“ მათ დაეხმარება როგორც ლიტერატურული ტექსტების, ისე კინოს უფრო სიღრმისეულ და გააზრებულ აღქმაში.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ხვალ, 20 თებერვალს, 19 საათზე გაიმართება, დასწრება თავისუფალია (მისამართი დ. კლდიაშვილის 27, აჭარის მწერალთა სახლის მცირე დარბაზი, პირველი სართული).

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • თებერვალი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *