გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია. მას სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, ასევე, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა.
„გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, მან დატოვა პენიტენციური დაწესებულება. მის მიმართ არსებულ სამივე სისხლის სამართლის საქმეზე ცალ-ცალკე იქნა გაფორმებული საპროცესო შეთანხმებები. პარალელურად, სამოქალაქო საქმე, რომელიც არსებობდა დაზარალებულსა და მას შორის, დასრულდა მორიგების აქტის საფუძველზე. რაც შეეხება ბაჩიაშვილის მშობლების საქმეს, ორივე მათგანის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და აღარ იმყოფებიან ძებნაში. საბოლოო ჯამში, ბაჩიაშვილს სასჯელის სახედ შეეფარდა ერთი წლით პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელის სახედ ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 2025 წლის 10 მარტს თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავა. გუშინ იგი უზენაესი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.