ისლამური სამყარო რამადანის (მარხვის თვის) დასაწყისს აღნიშნავს
By

ისლამური სამყარო რამადანის (მარხვის თვის) დასაწყისს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მუსლიმური გადმოცემის თანახმად, ეს თვე ითვლება ყველაზე მადლიანად, რადგან სწორედ ამ თვეში მოხდა ყურანის პირველი აიების გარდმოვლენა წინასწარმეტყველ მუჰამედზე და ამ თვეში შთააგონა ალაჰმა მუჰამედს მოციქულის მისია.

„მუსლიმები რამადანს მარხვაში ატარებენ. რამადანი მუსლიმთათვის გამოცდის, უდიდესი ნებისყოფისა და ვნებებზე გამარჯვების პერიოდია. მარხვის პერიოდში მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულთა დახმარება, ვახშამზე ანუ იფთარზე მიპატიჟება. განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები, სულის განწმენდის მიზნით, უარს ამბობენ საკვებისა და სასმლის მიღებაზე, ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე. როგორც წესი, მარხვის განმავლობაში, საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

მუსლიმ მრევლს, რამადანის დაწყებას ულოცავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადანის წმინდა თვის დაწყებას.

რამადანის თვე გვახსენებს რწმენის, მიტევების, თანადგომის მნიშვნელობას. გისურვებთ სიკეთით და მოთმინებით განგევლოთ ეს დღეები.

ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • თებერვალი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *