ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვლავ შვეიცარიაში გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში აღნიშნა:
„მსურს აღვნიშნო, რომ შემდეგი შეხვედრა კვლავ შვეიცარიაში გაიმართება. დღევანდელი მდგომარეობით ეს ინფორმაცია მაქვს. ჩვენი გუნდის დაბრუნების შემდეგ უფრო დეტალური ინფორმაცია მექნება“.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს ევროპაში გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ვფიქრობ, კარგია ის, რომ შეხვედრა შვეიცარიაში გაიმართა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ყოველთვის ახლო აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების პატივისცემით ვსაუბრობ, მაგრამ როცა ომი ევროპაშია, მაშინ მოლაპარაკებების ადგილი აქ უნდა მოიძებნოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში შედგა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ, შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „რთული, მაგრამ საქმიანი“ იყო.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, ზელენსკის ცნობით, ჟენევაში გამართული შეხვედრების შედეგები საკმარისი არ არის და პოლიტიკურ საკითხებზე, შესაძლო კომპრომისებსა და ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრის შესახებ მუშაობა ჯერ კიდევ საჭიროა.