ბათუმში ახალი თეატრალური ისტორია იწყება
ბათუმის თეატრალურ ცხოვრებაში ახალი თავი იწყება – გორგილაძის ქ. № 2-ში მალე დამოუკიდებელი მარიონეტული თეატრი გაიხსნება, რომელიც ქალაქს განსხვავებულ ესთეტიკას, ფორმასა და თეატრალურ ცხოვრებას სთავაზობს. აპრილის დასაწყისში ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერა მაყურებელს მარიონეტულ მისტიკურ სამყაროში ამოგზაურებს. თეატრის დამფუძნებელი და რეჟისორი გიორგი ჩხაიძე ამ ნაბიჯს პროფესიულ თავისუფლებად და გაბედულ გადაწყვეტილებად აფასებს. მისი თქმით, ახალი სივრცე მხოლოდ კიდევ ერთი სცენა არ იქნება. მისი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მარიონეტული ხელოვნების შექმნა, სტაბილური რეპერტუარის ჩამოყალიბება, საბავშვო მიმართულების განვითარება და საერთაშორისო ფესტივალებში აქტიური მონაწილეობა. თეატრი გეგმავს თვეში ოცდაათზე მეტი წარმოდგენის გამართვას, ორ პრემიერას – წელს და ბათუმის თეატრალური ტურიზმის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლის შეტანას.
გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ ეს იქნება „პატარა თეატრი დიდი ამოცანებით“, ადგილი, სადაც მაყურებელი მხოლოდ სპექტაკლს კი არ ნახავს, არამედ იმ ჯადოსნურ პროცესს შეიგრძნობს, როცა უსულო ფორმა სულიერ არსებად გარდაიქმნება. სწორედ ამ იდეით იწყებს ბათუმში ახალ თეატრალურ ისტორიას.
– გიორგი, წლების განმავლობაში იყავით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. რამ გადაგაწყვეტინათ სრულიად ახალი, დამოუკიდებელი მარიონეტული თეატრის შექმნა?
– ხუთი წელი ვემსახურებოდი სახელმწიფო თეატრს, სრულიად ახალგაზრდა, 27 წლის ასაკში გავხდი სამხატვრო ხელმძღვანელი. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა. ეს იყო გამოწვევების, შემეცნების, განვითარების, საკუთარ თავზე გამარჯვების პერიოდი. სწორედ აქ ყალიბდებოდა რეჟისორ გიორგი ჩხაიძის სამომავლო ხელწერა… თოჯინების მისტიკურობა, საოცარი ესთეტიკა და ამბის გადმოცების გენიალურობა იყო ალბათ ის, რამაც მომხიბლა და გადამაწყვეტინა ამ სფეროს უკეთ შესწავლა. ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის თოჯინების თეატრის დასს, შემოქმედებით გუნდს, ადმინისტრაციას, იმ მეგობრულ და ოჯახურ გარემოს, რომელიც იქ დამხვდა. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ერთობლივი, ნაყოფიერი საქმიანობისათვის. ჩვენ ვცდილობდით, შეგვეხედა ცხოვრებისთვის ბავშვის თვალით და ამას ვახერხებდით. რაც შეეხება მარიონეტებს, ერთი შეხედვით, ეს არის უსულო ფიგურები, რომლებიც გაძლევს საშუალებას, თანამოაზრეებთან ერთად გააცოცხლო და აქციო სრულყოფილ პიროვნებებად, რომლებიც გიყვებიან ამბებს. აქ არ გაქვს ჩარჩო, შეგიძლია შეძვრე კარის ჭუჭრუტანაში, კედელში, ახვიდე ცაში და იმოგზაურო იქ, სადამდეც ადამიანის ფანტაზია გაწვდება. თოჯინური ხელოვნება, ეს არის ჩემთვის შესაძლებლობა, მაყურებელი ამოგზაურო ჯადოსნურ, ესთეტიკურ, რეალურ თუ არარეალურ სამყაროში, ხანდახან ატკინო, აცინო, დააფიქრო. ყველაფერი დავიწყეთ სამი წლის წინ, ცარიელი იდეით – არც შენობა, არც თოჯინები, არაფერი… ეს იყო მსოფლიო მარიონეტულ თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის სურვილი. სწორედ ამან გაგვაერთიანა. შევიკრიბეთ ოც კვადრატულ მეტრ ოთახში, სადაც მაყურებლის ადგილიც კი არ იყო, გავაკეთეთ პროფესიული სცენა. მხოლოდ ექვსი მაყურებლის ადგილი გვქონდა, მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდით… როცა შუქი ითიშებოდა, ვერავინ ვგრძნობდით, რომ პატარა ოთახში ვიყავით. ეს იყო ჩვენთვის დიდი, უკიდეგანო სცენა და ჩვენი თეატრი… ორი წელი მოვუნდით თოჯინების დამზადებას, ეს იყო გამოწვევა, დამოუკიდებლად შეგვექმნა ისეთი ესთეტიკა, რომელიც ნამდვილად გააოცებდა ევროპას, თანაც, ეს უნდა ყოფილიყო ქართული. დაიწერა ორიგინალური მუსიკა, შეიქმნა თოჯინები, დეკორაცია და… ჩვენ გავფრინდით, არც მეტი არც ნაკლები შარლევილის მსოფლიო მარიონეტულ ფესტივალზე, სადაც ქალაქის კულტურის სახლი დაგვეთმო – იქ წარმოვადგინეთ ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის „იგის“ მიხედვით შექმნილი, ფრანგულად გახმოვანებული სპექტაკლი „სხვანაირი“. ეს იყო გამარჯვება და აღიარება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უკან დაბრუნებულებს კიდევ უფრო განგვიმტკიცდა აზრი, რომ ჩვენს ქალაქს სჭირდება მარიონეტული თეატრი. ეს ის ხელოვნება და თეატრალური დარგია, რომელიც, ვფიქრობთ, ქალაქს უნდა ჰქონდეს. ეს არის სანახაობა, რომელიც უაღრესად ლამაზია, რთულია. ეს არის მსახიობის ხელებისა და თოკების საოცარი, მისტიკური კავშირი. ერთხელ ჩვენმა მსახიობმა ირინე ღლონტმა ყველაზე სწორად თქვა: „ეს არის ძალა, რომელიც იბადება გულში, მერე გადაეცემა ხელებს, ხელებიდან ძაფებს და შემდეგ ეს იმპულსები აცოცხლებს უსულო ხის ან ქვის თოჯინას“. ვთვლი, რომ მარიონეტების თეატრი თავის სათქმელს იტყვის და ეს ბათუმელებისათვის გახდება საყვარელი პატარა თეატრი. სწორედ ესაა მაგია მარიონეტებისა – აქ ნამდვილად ხდება ჯადოქრობა.
– რატომ აირჩიეთ ეს ფორმა და რას გაძლევთ ისეთს, რასაც სხვა თეატრალური ფორმა ვერ გაძლევდათ?
– ვერ ვიტყვი, რომ სხვა თეატრალური ფორმა რაიმეს არ გვაძლევდა. თეატრი ის ფენომენია, სადაც ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი. უბრალოდ, არსებობს რაღაც, რაშიც უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, რაც უფრო მოგწონს და გიზიდავს. ჩვენი მარიონეტები არ არიან კლასიკური თოჯინები, ისინი არიან მოქნილები, რეალურ დროში ბევრი მოძრაობის შესრულება შეუძლიათ. ჩვენთვის ეს არის ძიება, თუ რა შეუძლია უსულო არსებასა და სულიერ მსახიობს, რომელიც, ფაქტობრივად, არ ჩანს, მაგრამ განიცდის და ამ განცდებსა თუ გრძნობებს უგზავნის თოჯინას და მაყურებელს. აქ ერთი შეცდომაც კი დამღუპველია. თუ დრამატული თეატრის მსახიობს დაავიწყდება ტექსტი ან სცენაზე რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება, მას შეუძლია ეს გამოასწოროს იმპროვიზაციით, მაგრამ აქ რეჟისორის სპექტაკლი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძაფზე ჰკიდია და ბეწვის ხიდს გადის ხელოვნებასა და კრახს შორის. ეს, ალბათ, ძალიან დიდი პროფესიონალიზმისა და შრომის თეატრია. ცხოვრება რთულია, ყოველი დღე უნდა ფიქრობდე, ეს როგორ გააკეთო, შექმნა, გამოგივიდეს, თორემ დაემსგავსები თოჯინას, რომლის ძაფს თუ ხელს გაუშვებ, დაიმსხვრევა. ეს ჩვენს არსებობას ჰგავს.
– რამდენად არის ეს ნაბიჯი რისკიანი პროფესიულად, ფინანსურად, თუნდაც პირადად თქვენთვის?
– ვფიქრობ, ეს არის გაბედული ნაბიჯი, მაგრამ ვიცი, რომ გაამართლებს. ჩვენი სპექტაკლები აუცილებლად დაიმსახურებს ბათუმელი მაყურებლის მოწონებას. ფინანსურად მხოლოდ გაყიდული ბილეთებისა და ჩვენი ქალაქის სახელმწიფო უწყებების იმედად ვართ. გვჯერა, რომ კულტურის სამინისტრო გაგვიწევს დახმარებას. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. და თუ საჭირო იქნება, მჯერა, რომ ნებისმიერი ბათუმელი დაუდგება ამ თეატრს გვერდით, რათა გააგრძელოს არსებობა. დღემდე საკუთარი ხარჯებით მოვედით, არ შეგვიწუხებია არავინ, მსახიობებიც კი ენთუზიაზმზე მუშაობენ. მინდა მათ უდიდესი მადლობა გადავუხადო. ახლა ბათუმის მარიონეტების თეატრი ახალ სივრცეში გადავიდა. რა თქმა უნდა, შენობა არენდით ავიღეთ, ამიტომ, სრულიად ვართ დამოკიდებული კომერციულ საქმიანობაზე. უნდა გავყიდოთ ბილეთი, რათა შევქმნათ ახალი სპექტაკლები და შევძლოთ, ქალაქს შევუნარჩუნოთ ის თეატრი, რომელიც მოკლე დროში იტყვის თავის სათქმელს. რაც შეეხება მენეჯმენტს, ამის გამოცდილება გვაქვს. არ გვეშინია.

– ახალი თეატრის სივრცე როგორია და რა ემოციური ატმოსფეროს შექმნა გინდათ მაყურებლისთვის პირველივე ნაბიჯიდან?
– ქალაქის ცენტრში, ყველასათვის ადვილად მოსაგნებ ადგილას დავიდებთ ბინას. ეს არის პატარა თეატრი, 40 მაყურებელზე გათვლილი, აღჭურვილია პროფესიონალური განათება – გახმოვანების სისტემით, რომელიც მორგებულია ჩვენს სპეციფიკაზე. აქ მოსული მაყურებელი, როცა ოთახში შუქი ჩაქრება, აღმოჩნდება სრულიად სხვაგან… მინიმალისტურად ვაკეთებთ ყველაფერს – შავი კედლები, არაფერი ისეთი, რაც ყურადღებას გადაიტანს სხვაგან, ხავერდის ფარდები, ჭაღები, ოქროსფერი ორნამენტები და ტრადიციული წითელი ფარდა – ეს უცვლელი გარემო დახვდება მაყურებელს.
– როგორც აღნიშნეთ, დასი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მსახიობებით. რა თვისებებია აუცილებელი მარიონეტული თეატრის მსახიობისთვის და როგორ შეარჩიეთ გუნდი?
– ჩვენ უკვე მრავალი წელია, ერთად ვართ. ჩვენი დასი პროფესიონალი მსახიობებითა და მეთოჯინეებით არის დაკომპლექტებული. მათთან სხვა თეატრში ვმუშაობდი. ამიტომ, ერთმანეთის გვესმის, ეს არის რეჟისორისა და მსახიობისათვის მნიშვნელოვანი. ასევე, გვყავს ერთი პროფესიონალი მეთოჯინე, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს ქმნის – თოჯინებს, დეკორაციებს. გვყავს კომპოზიტორი, რომელიც წერს ორიგინალურ მუსიკას სპექტკლებისათვის და 6 მსახიობი. ორგანიზაციას ჰყავს დირექტორი თემურ მახარაძე, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ერთი სამხატვრო ხელმძღვანელი. ეს არის მობილური ჯგუფი. ჩვენ გვაერთიანებს ერთი იდეა, რაც გვაძლიერებს. რაც შეეხება თვისებებს, ალბათ, ყველაზე დიდი – მოთმინების უნარი უნდა გააჩნდეს მსახიობს, იყოს ფიზიკურად ძლიერი, რადგან თოჯინის ხელში დაჭერა გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც ძლიერ კუნთებთან და ხელებთან არის დაკავშირებული. უნდა შეეძლოს როლის ხასიათის შექმნა, ყველაფერი ისე, როგორც დრამატულ თეატრში, არაფერი განსაკუთრებული და რწმენა იმისა, რომ მის ხელში ისწავლის არსებული ხის ან ქვის ნაჭერი სიარულს, ცხოვრებას…
– რით განსხვავდება მარიონეტული და კლასიკური თოჯინური თეატრები ერთმანეთისგან და როგორ აუხსნით ამ განსხვავებას მაყურებელს, რომელიც პირველად მოვა თქვენს თეატრში?
– ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ სხვა თოჯინაც თოჯინაა და მარიონეტიც. ფიზიკურად, შეიძლება სხვადასხვა ტიპის თოჯინა ერთი მასალითაც იყოს გაკეთებული, ერთი ქსოვილით, საღებავით, ხით, მაგრამ მარიონეტი სხვაა. ეს უფრო საოცარია. აქ ნამდვილად დაიჯერებ, რომ ბურატინო გახდა ცოცხალი ბიჭუნა და მასში ნამდვილად ცხოვრობს სული… როცა ამ თოჯინას მაყურებელი ნახავს სცენაზე და შემდეგ სხვა თოჯინას, დამერწმუნეთ, ის თავად მიხვდება განსხვავებას. ჩვენ არ ვათამაშებთ თოჯინებს, ჩვენ ვაცოცხლებთ, „ვაპატარავებთ“ ადამიანებს და ვაძლევთ საშუალებას, გააკეთონ ის, რაც ჩვენთვის შეუძლებელია, დაინახონ ის, რისი დანახვაც ჭირს.

– თეატრი იხსნება სპექტაკლით „იგი“. რატომ შეარჩიეთ ის და რა გზავნილი აქვს მას დღევანდელი საზოგადოებისთვის?
– ეს არის სპექტაკლი, რომელიც თითქოს მარტივია, მაგრამ ყველაზე რთულია. ეს არის განცდების, სიყვარულის, სიცოცხლის, სიკვდილის, ყველაფრის ერთად აღებულის ტილო, ფრესკა, რომელიც გენიოსმა ჯემალ ქარჩხაძემ შექმნა. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, რთული, მაგრამ საინტერესო იყო ამ ტექსტზე მუშაობა. ვფიქრობ, მასში მაყურებელი ჩვენს დღევანდელ ყოფას ადვილად ამოიკითხავს. იმ 35 წუთის განმავლობაში დარჩება საკუთარ მესთან მარტო და უნდა თუ არ უნდა, თავად მოძებნის და მიიღებს მისეულ პასუხს ცხოვრებაზე. ჩვენ, უბრალოდ, შევეცადეთ, ეს ყველაფერი მაქსიმალურად მარტივად და რეალისტურად მოგვეყოლა. არაფერი განსაკუთრებული, რადგან „იგი“ თავად არის განსაკუთრებული და როგორც უნდა ატრიალოს რეჟისორმა, ბოლოს იგისგან მაინც დარჩება იგი.
– მარიონეტული თეატრი ხშირად ბავშვებთან ასოცირდება…
– ჩვენი თეატრი იქნება როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის. ახლა საბავშვო სპექტაკლი არ გვაქვს მზად, მაგრამ წლის ბოლოს პატარებს დაუვიწყარ სანახაობას ვპირდებით. „იგი“ ჩვენი პირველი სპექტაკლია, მალე რეპერტუარი შეიქმნება, მეორე სპექტაკლზე მუშაობა დაიწყება. თოჯინების დამზადება ხანგრძლივი და რთული პროცესია. იქნება ესკიზი, შემდეგ თოჯინა, შემდეგ ამ თოჯინას ირგებს მსახიობი. შეგვაქვს ცვლილებები, შემდეგ ვქმნით დეკორაციას და… იწყება ჯადოქრობა. სავარაუდოდ, მაისში, მაყურებელი იხილავს და ეს იქნება ვაჟა-ფშაველას „ამოდის ნათდება“, მესამე სპექტაკლი კი იქნება საბავშვო. თუ რა, ამას საიდუმლოდ დავტოვებთ.
– რამდენად აპირებთ ექსპერიმენტებს ვიზუალური, მუსიკალური თუ პლასტიკური მიმართულებით?
– უკვე ექსპერიმენტია, როცა თოჯინას აიძულებ მოიხაროს, გაიმართოს, მაყურებლის თვალწინ აცოცდეს, იბანაოს, გაფრინდეს. კლასიკური მარიონეტი შეზღუდულია, ჩვენ კი ყოველდღიურად ვცდილობთ მას მარწუხები ავხსნათ. ეს არის ანიმაციური ფილმისა და თეატრის სინთეზი, ულამაზესი ცოცხალი ილუსტრაცია. წარმოიდგინეთ, გადაშლით წიგნს, მერე ეს წიგნი 3დ-ში ცოცხლდება, გადმოდის დეკორაცია და დახატული გმირები იწყებენ საუბარს, სიარულს. ეს დიდი შრომაა, ექსპერიმენტია.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არის ბათუმელი მაყურებელი მარიონეტული თეატრისთვის და რა დრო დასჭირდება ამ ჟანრის პოპულარიზაციას?
– ვფიქრობ, მაყურებელი მალევე შეგვეჩვევა და სპექტაკლები გახდება მოთხოვნადი. ვაპირებთ თვეში ოცდაათზე მეტი წარმოდგენის ჩვენებას. დარბაზის სიმცირის გამო, სპექტაკლები დღეში ორჯერ გაიმართება, ხოლო ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი. მჯერა, რომ ის გახდება ბათუმელების საყვარელი თეატრი. ჩვენს ქალაქს უაღრესად გემოვნებიანი, განათლებული მაყურებელი ჰყავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მარიონეტულ თეატრს მიიღებს მაყურებელი, ინტერესი და მიზიდულობა ამ ჟანრს ახლავს თან.. ეს არის ხელოვნება, ცოცხალი დროის მანქანა. აქ ამბავს გიყვებიან და გაჩვენებენ ძაფზე ჩამოკიდებული, უსულო არსებები, მაგრამ ისე, რომ ეს გავიწყდება და გგონია, რომ ისინი პატარა ადამიანები არიან, რეალურები. ისინი არ ცეკვავენ და არ მღერიან, როგორც ტრადიციული მარიონეტები, ისინი შენ წინ იწყებენ გაცოცხლებას და ცხოვრებას. ასე რომ, ეს ძალიან განასხვავებს ჩვენს თეატრს სხვა თეატრალური სანახაობებისგან..
– რა პრიორიტეტები ექნება თეატრს პირველ წლებში?
– ჩვენი პრიორიტეტია საბავშვო რეპერტუარის შექმნა. მნიშვნელოვანია, თეატრმა შეძლოს ფინანსურად საკუთარი თავის შენახვა და სტაბილურობა. პრიორიტეტია პროფესიულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში მონაწილეობა. უმთავრესია, ჩვენი ქალაქის განვითარება თეატრალური ტურიზმის თვალსაზრისით. ბევრ ტურისტულ ქვეყანას უფრო ცნობადს ხდის მისი მარიონეტული თეატრი, ისევე, როგორც სხვა თეატრები. ამიტომ, აქაც გვინდა ვიყოთ გამორჩეულები და ჩვენი ქალაქის ტურისტულ რუკაზეც განსაკუთრებული ადგილი დავიკავოთ.
– როგორ აპირებთ ახალგაზრდების, ბავშვების, სტუდენტების დაინტერესებას?
– ჩვენი „გაჩენა“ ქალაქში და აფიშა – ეს არის ინტერესის გაღვივების პირველი და მთავარი ნაბიჯი. ჩვენს გუნდს და ჩემს სპექტაკლებს ბათუმელი მაყურებელი, მოსწავლეები და პედაგოგები უკვე კარგად იცნობენ. ამიტომ, არ მგონია, რომ ან მათ დასჭირდეთ დრო ან ჩვენ, მათ დასაინტერესებლად. რა თქმა უნდა, პროფესიონალი მარკეტოლოგების გუნდი მათთან იმუშავებს იმაზე, რომ ახალგაზრდა მაყურებელი მოვიდეს თეატრამდე. სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ თეატრალური სტუდიის შექმნას თოჯინური ხელოვნების მიმართულებით..
– თქვენი წარსული გამოცდილება, როგორც რეჟისორის, როგორ აისახა ამ პროექტზე, რას იღებთ წარსულიდან და რას ტოვებთ უკან?
– რთული კითხვაა. უკან ვტოვებ შემოქმედებით კვალს, რომელიც შეიძლება უკვე წაიშალა რომელიღაც თეატრში ან წაშალეს… მაგრამ მთავარი არის გამოცდილება და უნარი, თანამოაზრეებთან ერთად შექმნა სრულიად ახალი. წარსულიდან მხოლოდ ადამიანებს, მეგობრებს და ცოდნას ვიტოვებ, კიდევ მოგონებებს, ნაკვალევი იყოს უკან, თან ცხოვრება გრძელდება და წინ კიდევ უფრო დიდი ნაკვალევის დატოვებაა…

– აქამდე რას საქმიანობდით და იყო თუ არა ეს პერიოდი ერთგვარი მზადება ახალი ეტაპისთვის?
– აქამდე მეტად რთული გზა იყო… იყო დღეები სიცარიელის, მიტოვების, გარიყულობის. იყო წლებიც, როცა ცრემლიანი უყურებდი შენ მიერ შექმნილ პატარა სამყაროს ფანჯრებს მიღმა და იქ ვერ იყავი, იყო თვეები, როცა ცდილობდი იმ ქუჩაზე, სადაც თეატრი იყო, არც კი ჩაგევლო რადგან ეს ძალიან მწარეა… მერე იყო ახალი პროფესიის შესწავლის დროც (ვგულისხმობ ჩემს მეორე გადამრჩენელ პროფესიას ვეტერინარიას) და იყო აღდგომის პერიოდიც, როცა მდინარე თავის კალაპოტს უბრუნდება. დავიწყე სპექტაკლის კეთება, რომელიც მიტოვებული სახლის ერთ ოთახში დავდგი. შემდეგ საფრანგეთის უდიდეს მსოფლიო ფესტივალზე სამჯერ ანშლაგით ვითამაშეთ, აღმოვაჩინე ჩემი გუნდი, რომელიც დღემდე ენთუზიაზმით მიდგას გვერდით და მივხვდით, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი თეატრი, რომელიც ქალაქს ნამდვილად დაამშვენებს. ეს 3-5 წელი ნამდვილად იყო მზადების, ზრდის და ბევრი ქარტეხილის გადალახვის პერიოდი..
– შეიცვალა თუ არა თქვენი შემოქმედებითი ხელწერა წლების განმავლობაში და როგორ განსაზღვრავთ მას დღეს?
– ეს ალბათ, მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს. ამბობენ, რომ – კი. მე მგონია, რომ უბრალოდ, გავიზარდე და მივხვდი, რა მინდა, სად მინდა მომავალში ვიყო, როგორ თეატრში. არ მრცხვენია ამის აღიარება – დიახ, ასეა, გავიზარდე.
– არის თუ არა ეს თეატრი თქვენი პროფესიული თავისუფლების სივრცე?
– რა თქმა უნდა.
– როგორ ხედავთ მარიონეტული თეატრის ადგილს ბათუმის კულტურულ ცხოვრებაში რამდენიმე წლის შემდეგ და მომენტს, როცა საკუთარ თავს ეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა?
– ნამდვილად ვიცი, რომ იქნება ღირსეული თეატრი თავისი რეპერტუარით. როცა ერთი თვით ადრე შეუძლებელი გახდება წარმოდგენის ბილეთის შოვნა – ვიტყვი, რომ ამან გაამართლა.
ნანა აბულაძე