იაპონური მხარდაჭერა ბათუმის სამუსიკო სასწავლებელს – 15 ახალი ინსტრუმენტი სასწავლო პროცესისთვის
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი იაპონიის მთავრობის „გრასრუტების კულტურული პროგრამის“ (GCGP) გრანტის მფლობელი გახდა. პროექტის ფარგლებში, სასწავლებელს 15 ახალი პიანინო და როიალი გადაეცემა. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს სასწავლებლის დირექტორმა ნინო ჩაიძემ და იშიძუკა ჰიდეკიმ.
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ კოლექტივს მიღწევა მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განცხადებით, უწყება მომავალშიც აქტიურად იმუშავებს სახელოვნებო სკოლების ინსტიტუციური გაძლიერებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების მიმართულებით. მინისტრმა იაპონიის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
თავის მხრივ, ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ ყურადღება გაამახვილა სასწავლებლის ისტორიულ მნიშვნელობაზე და მის როლზე აჭარაში მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და კულტურული გარემოს ფორმირებაში. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაამყარებს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრულ და კულტურულ პარტნიორობას.
ახალი ინსტრუმენტებით აღჭურვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს, გააძლიერებს სასწავლებლის მატერიალურ ბაზას და ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პროფესიულ განვითარებასა და სახელოვნებო განათლების სტანდარტების ამაღლებას.
ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სასწავლებლის მოსწავლეებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები შესთავაზეს.
გალერეა

