ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიადა მეცხრე ადგილზე დაასრულა
By

ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიადა მეცხრე ადგილზე დაასრულა

გუშინ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამა წარადგინა. ამით ქართველი ოლიმპიელების გამოსვლა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც მილანსა და კორტინაში მიმდინარეობს, დასრულდა,

ჩვენმა სპორტსმენმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი – ანასტასიამ ჯერ მოკლე გამოსვლაში თავის კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა – სრიალი სერიოზული შეცდომების გარეშე დაასრულა და მსაჯებისგან 71,77 ქულა მიიღო. ამ შედეგით გუბანოვა პირველი გამოსვლის შემდეგ, მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა.

გუშინ ჩვენმა მოციგურავემ თავისუფალი პროგრამა ლიდერ ექვსეულ ქალთა შორის წარადგინა და 138,22 ქულა მიიღო. ჯამურად მან 209,99 ქულა მოიპოვა, რითაც გააუმჯობესა გასულ ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი – პეკინში ის მეათე იყო. ანასტასია გუბანოვამ წლევანდელ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამოსვლა მე-9 ადგილზე დაასრულა. პირველ ადგილზე ამერიკელი ალისა ლიუ გავიდა, მეორეზე – იაპონელი კაორი საკამოტო, მესამეზე, ასევე იაპონელი – ამი ნაკაი.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ამ ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა – ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა საქართველოს პირველი ისტორიული – ვერცხლის მედალი მოუტანა, ჩვენმა ნაკრებმაც ძალიან წარმატებით იასპარეზა – ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილზე გავიდა, ნიკა ეგაძე კი საუკეთესო ათეულში შევიდა, რაც ასევე, პირველად მოხდა.

ზამთრის ოლიმპიადა 22 თებერვალს დაიხურება.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • თებერვალი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *