მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია – პოლიციამ 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ და კუსტარული ლაბორატორიები აღმოაჩინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს. როგორც ბრიფინგზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილი განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი ოდენობა „მეთადონის“, რომელიც სამართალდამცველებს აქამდე ამოუღიათ.
უწყების ინფორმაციით, ოპერაციების ფარგლებში გამოვლინდა კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალებების კულტივირებისთვის განკუთვნილი სამი სათბური და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი ფართების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და მათი დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორიები, სადაც კუსტარული წესით მზადდებოდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ასევე აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხდებოდა ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონო მოყვანა და კულტივირება. ნივთმტკიცებად ამოღებულია კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხა.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ამოიღეს ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით. აღნიშნული მუხლები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით აქტიური ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.