ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო მზად არის დაბრუნდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუ დელეგაციის მანდატები სრულფასოვნად და უპირობოდ იქნება აღიარებული
By

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო მზად არის დაბრუნდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუ დელეგაციის მანდატები სრულფასოვნად და უპირობოდ იქნება აღიარებული

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობდა, სადაც მთავარი აქცენტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და პარტნიორების თანმიმდევრულობაზე გააკეთა.
პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რამდენად მყიფეა დიდი სახელმწიფოების ერთგულება საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების მიმართ. „ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიც საქართველოა, რომლის რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს აქვს ოკუპირებული“, – განაცხადა სამხარაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართულ ცვლილებაზე.
სამხარაძემ ასევე გააკრიტიკა ის პრაქტიკა, როდესაც ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო და თავად ევროკავშირი თავს იკავებენ, რუსეთის ყოფნას ოფიციალურად „ოკუპაცია“ უწოდონ და პარალელურად ინარჩუნებენ ურთიერთობებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ. მისი განცხადებით, საერთაშორისო სამართლის დამრღვევი სახელმწიფოების ფინანსური მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ასუსტებს და სახიფათო პრეცედენტს ქმნის.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან, ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელ იან ბრატუსთან და პეტრა ბაიერისთან. შეხვედრებზე განიხილეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემო, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და ეუთოს სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განაცხადს, რომ 2027 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს დელეგაციის დაბრუნებას ასამბლეაში. სამხარაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის წარადგინოს საკუთარი დელეგაცია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მანდატები სრულფასოვნად და უპირობოდ იქნება აღიარებული. „საქართველოს დელეგაციის მანდატები სრულფასოვნად და უპირობოდ თუ იქნება აღიარებული, საქართველო მზად არის, დაბრუნდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, – განაცხადა მან.
ვენაში გამართული შეხვედრების მთავარი გზავნილი იყო საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის, თანმიმდევრული დაცვა და პარტნიორებისგან დეკლარირებული ღირებულებების პრაქტიკაში გატარების მოლოდინი.

  • No Comments
  • თებერვალი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *