უკრაინის ომი და საერთაშორისო პოზიციები
By

უკრაინის ომი და საერთაშორისო პოზიციები

„უკრაინაში უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და დიპლომატიის ფრონტებზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ომი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების ახალ ეტაპზე გადადის“, – აცხადებენ პოლიტოლოგები.
ლვოვში მომხდარ აფეთქებაში, რომლის დროსაც ერთი პოლიციელი დაიღუპა და 24 ადამიანი დაშავდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, თავდასხმა „ცინიკური და სასტიკი ტერორისტული აქტია“ და დამნაშავეები „ტელეგრამის“ საშუალებით იყვნენ დაქირავებულნი.
„ტერორისტული თავდასხმა რუსეთმა მოაწყო… ჩვენ გვჭირდება მეტი დაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი მსგავსი ქმედებების გაგრძელებას გეგმავს. „მე მჯერა, რომ პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება“, – აღნიშნა მან „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში. ამავე დროს, ზელენსკი კატეგორიულია, რომ უკრაინა არ დათმობს ტერიტორიებს: „მე ამას უბრალოდ მიწად არ ვუყურებ, ეს ჩვენი საზოგადოების გახლეჩას გამოიწვევს“.
უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმმა. „ჩვენ უკრაინელ ხალხს გვერდში ვუდგავართ ყოველგვარი „მაგრამ“-ისა და „თუ“-ს გარეშე, დათმობა მშვიდობას არ ქმნის, ის მხოლოდ აგრესორს მატებს გამბედაობას“, – განაცხადა მან და ომი „ღირებულებების გამოცდად“ შეაფასა.
სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ ცენტრალური ევროპის ნაწილში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინა ენერგეტიკულ „შანტაჟში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბუდაპეშტი აღარ მიაწვდის დიზელს კიევს და დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს, ვიდრე „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება არ აღდგება. „ჩვენი მტერი არა უკრაინელი ხალხი, არამედ ცუდი უკრაინული პოლიტიკაა“, – თქვა ორბანმა.
მსგავსი კრიტიკული რიტორიკა ჰქონდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსაც, რომელმაც ევროკავშირი კონფლიქტის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „სლოვაკეთი უკრაინის მსახური არ არის“. მისი შეფასებით, ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და ევროკავშირმა „მნიშვნელოვანი და სამართლიანი სამშვიდობო წინადადება“ უნდა მოამზადოს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ სანქციების მე-20 პაკეტზე სწრაფ პროგრესს არ ელის, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ზეწოლა სწორედ რუსეთზე უნდა გაიზარდოს: „თუ გვსურს, რომ ეს ომი შეჩერდეს, მაშინ უნდა ვიხილოთ დათმობები რუსეთის მხრიდან“.
ამ ფონზე, ვაშინგტონიდან მოდის სიგნალები შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში შესაძლოა შედგეს შეხვედრა, რომელიც ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის სამიტით დასრულდეს და არ არის გამორიცხული, მას დონალდ ტრამპიც დაესწროს. „ეს სულელური ომია… იმედია, უახლოეს კვირებში კარგ ამბებს გაიგებთ“, – თქვა უიტკოფმა.

  • No Comments
  • თებერვალი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *