ირანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა
By

ირანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ირანი მზადაა, აშშ-თან მოლაპარაკებებისას გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, რაც ეფუძნება ორი მხარის ძირითადი მოთხოვნების კომპრომისს. ანონიმური ირანელი დიპლომატების თქმით, ირანის მოთხოვნაა, ამერიკამ ეკონომიკური სანქციები მოხსნას და ქვეყანას ურანის გამდიდრების უფლება მისცეს, რის სანაცვლოდაც თეირანი ბირთვულ პროგრამას დათმობს. „ირანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულია. ბოლო მოლაპარაკებები პრაქტიკული წინადადებების გაცვლას მოიცავდა და დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი.
აშშ-ის პირობებში შედის შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შემცირება და რეგიონული მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერის შეწყვეტა, თუმცა ირანმა კატეგორიული უარი თქვა თავისი სარაკეტო პროგრამის განხილვაზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი განმარტავს: „ირანში ვითარება ძალიან დაძაბულია. ახლა ირანი სუსტია და ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ დიპლომატიური გამოსავლის საპოვნელად“.
მოლაპარაკებების ფონზე, ირანში ფართომასშტაბიანი შინაგანი საპროტესტო ტალღა გრძელდება. სტუდენტები შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსსა და სხვა უნივერსიტეტებში მეორე დღეა, რაც ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტები სკანდირებენ: „სიკვდილი დიქტატორს“, „სიკვდილი აიათოლა ალი ხამენეის“. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აღნიშნავს: „ირანელი ხალხი ძალადობრივი თეოკრატიის ჩექმის ქვეშ იმყოფება… ირანი თავისუფალი უნდა იყოს“.
ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ირანი საერთაშორისო ზეწოლის წინაშეც შეუპოვარია: „ჩვენ არცერთი სიძნელის წინაშე თავს არ დავხრით. მსოფლიო სახელმწიფოები რიგში დგანან, რათა დაგვაჩოქონ. ჩვენ არ დავხრით თავს ამ პრობლემების წინაშე“, – განაცხადა მან.

  • No Comments
  • თებერვალი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *