ერისიმედელების პრობლემა მოგვარდება
By

ერისიმედელების პრობლემა მოგვარდება

35 წელია, რაც მდინარე ალაზნის გაღმა ნაპირზე ახალი ქართული სოფელი ერისიმედი დაფუძნდა. იქ სტიქიის შედეგად დაზარალებული აჭარისა და სხვა რეგიონებიდან გადასული ოჯახები სახლობენ. წლების წინ, სოფელში სკოლის შენობა აიგო. საგანმანათლებლო კერამ მრავალ ახალგაზრდას დაულოცა ცხოვრების გზა.

დრომ თავისი გაიტანა. სკოლის შენობა მოძველდა და ექსპლუატაციისთვის სახიფათო გახდა. საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე ერისიმედელების ხშირი სტუმარია და სოფლის პრობლემებით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობებით ინტერესდება. ამჯერად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, პარლამენტში გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან და სიღნაღის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მათ დაათვალიერეს სკოლის შენობა, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს .

მოსახლეობასთან შეხვედრისას გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ წელს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და სოფელს თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობა ექნება.

– ერისიმედი გამონაკლისი როდია. იმ წლებში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები აჭარიდან და სვანეთიდან ქვეყნის ორმოცამდე რაიონსა და ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. საქართველოს რუკაზე 10-მდე ახალი სოფელი გაჩნდა. მე მათი ხშირი სტუმარი ვარ. ამჯერად ერისიმედელებს წავაშველეთ ხელი. მათი სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გივი მიქანაძეს, რომელიც სოფელს მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში ეხმარება, – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ.

 ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • თებერვალი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *