ახალი რეგულაციები – უცხოელთა დასაქმებაზე
1-ელი მარტიდან საქართველოში „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები ამოქმედდება. ცვლილებების შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება ან თვითდასაქმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შეხვედრებს მართავდა მოადგილეებთან და პარლამენტის წევრებთან, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცვლილებების მნიშვნელობასა და მათ ეფექტურ განხორციელებაზე.
ახალი რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს დასაქმებისთვის, მათ შორის, დისტანციურად მუშაობისთვის, აუცილებელი შრომითი საქმიანობის ნებართვა სჭირდება. ნებართვებს გასცემს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, პროცესი სრულად ელექტრონული იქნება, ხოლო რეგისტრაციის პორტალი ხელმისაწვდომი გახდება 1-ლი მარტიდან. ნებართვის მიღება ფასიანია.
შრომითი საქმიანობის ნებართვა გაიცემა კონკრეტულ პოზიციაზე და კონკრეტულ დამსაქმებელთან 1 წლის ვადით. კანონი მომზადებულია ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. თვითდასაქმებულ უცხოელებს ნებართვა განესაზღვრება კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით.
ცვლილებებთან დაკავშირებით განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდი: 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უპირატესობა ექნება უკვე რეგისტრირებულ და ლეგალურად დასაქმებულ პირებს, ხოლო 2026 წლის 1-ელ მაისამდე – თვითდასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც უკვე საქმიანობენ ქვეყანაში.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან დამსაქმებელი კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს, დაჯარიმდება, მათ შორის, ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება თვითდასაქმებულ უცხოელსაც.