„სოციალური სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და ეფექტიანი“ – მიხეილ სარჯველაძე რეფორმებზე, ბიუჯეტსა და სიღარიბის შემცირებაზე
By

„სოციალური სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და ეფექტიანი“ – მიხეილ სარჯველაძე რეფორმებზე, ბიუჯეტსა და სიღარიბის შემცირებაზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე ცვლილებები და შედეგები შეაჯამა და განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესზე გაამახვილა.
მისი თქმით, ბაზის გადამოწმება „სწორი გადაწყვეტილება და გაბედული ნაბიჯია“, რომელიც სამართლიანობის უზრუნველყოფას ემსახურება. „სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი და ზუსტად ასახავდეს რეალურ მდგომარეობას. ის, რაც სწორია, უნდა გაკეთებულიყო და მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციების მძევალი არ უნდა ვყოფილიყავით“, – განაცხადა მინისტრმა.
სარჯველაძემ ოპონენტებს პროფესიონალური და კვალიფიციური მსჯელობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტატისტიკის შერჩევითი გამოყენება მანიპულაციურია. „თუ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 30 პროცენტს აღემატებოდა, დღეს ის 9,4 პროცენტია. ეს ხომ მნიშვნელოვანი დინამიკაა? არასდროს ასეთი ტემპი არ ჰქონია ქვეყანას“, – თქვა მან.
მინისტრმა ბიუჯეტის ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური მიმართულებით დაფინანსება 1.6 მილიარდიდან 6.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვის ბიუჯეტი 9.2 მილიარდ ლარს აღწევს. „ეს არის კოლოსალური ზრდა, რომელიც ხმარდება რეალურად იმას, რომ მოსახლეობამ იცხოვროს უკეთ“, – აღნიშნა მან.
სარჯველაძის განცხადებით, სოციალური პოლიტიკა მხოლოდ ფულად დახმარებას არ გულისხმობს. „სიღარიბის დაძლევა არ არის უბრალოდ დანახარჯების გაზომვა – ეს არის ადამიანებისთვის უნარების გაჩენა. მხარდაჭერის პროგრამა მხოლოდ ფულის გადახდით არ შემოიფარგლება, ამას სჭირდება განათლება და დასაქმების ხელშეწყობა“, – განაცხადა მინისტრმა.
ოპონენტების ბრალდებებს, თითქოს სოციალური პროგრამების გაფართოება არჩევნებს უკავშირდება, მინისტრმა „მტკნარი სიცრუე“ უწოდა. „თუ კვალიფიციურად შევხედავთ რიცხვებს, დავინახავთ, რომ ამას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს“.
მისივე შეფასებით, „ქვეყანა ვითარდება და ეს აისახება როგორც სიღარიბის, ისე უმუშევრობის შემცირებაზე“. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სოციალური პროგრამები ფართოვდება და შედეგად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72 წლიდან 76 წლამდე გაიზარდა. ეს არის ქვეყნის წარმატება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება სისტემურ ხასიათს მიიღებს: „ბაზა ცოცხალი ორგანიზმივითაა და საჭიროებს მუდმივ განახლებას. უახლოეს თვეებში დაგროვდება მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლებიც არსებით სურათს შექმნის. მთავარი ინდიკატორია, რომ სიღარიბე კლებადია და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს შესაძლებლობა, თავად დაძლიოს სიღარიბე,“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

  • No Comments
  • თებერვალი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *