ევროპელი ელჩები: „უკრაინაში მშვიდობა საქართველოს უსაფრთხოებასაც განსაზღვრავს“
By

ევროპელი ელჩები: „უკრაინაში მშვიდობა საქართველოს უსაფრთხოებასაც განსაზღვრავს“

საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა – ოლივიე კურტომ, პეტერ ფიშერმა და გარეთ უორდიმ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს: „უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის“.
ელჩები აღნიშნავენ, რომ „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგაც საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ურყევად დგანან უკრაინის გვერდით“ და ადასტურებენ „უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მტკიცე მხარდაჭერას“.
მათივე შეფასებით, 2026 წლის 6 იანვრის პარიზის შეხვედრამ დაადასტურა ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთიანობა უსაფრთხოების მყარი გარანტიების აუცილებლობაზე. „აშშ-ის ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმების შექმნა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მხარდაჭერა და მრავალეროვნული სამშვიდობო ძალებისთვის მზადება გადამწყვეტია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ელჩები ხაზგასმით აცხადებენ: „უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული და მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უკრაინამ უნდა მიიღოს“. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მოსკოვის განცხადებები მშვიდობაზე არ შეესაბამება რეალობას, რადგან „უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განმეორებითი დარტყმები აჩვენებს რუსეთის უარს, აწარმოოს რეალური მოლაპარაკებები“. უარყოფილია გავრცელებული ბრალდებაც: „მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას“. ელჩები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ნატოს ფარგლებში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე თანამშრომლობის გაგრძელებას.
მათივე შეფასებით, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში „საერთაშორისო სანქციების მკაცრი დაცვისა და მათი გვერდის ავლის მცდელობების წინააღმდეგ ზომების მიღებით“, ასევე, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებით და ევროატლანტიკურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებით.
„უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, ისევე როგორც სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა ევროპაში, ხელს შეუწყობს საქართველოს გრძელვადიან სტაბილურობასა და უსაფრთხო მომავალს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

  • No Comments
  • თებერვალი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *