პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე შრომის ბაზრის ანალიზსა და განათლების რეფორმაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციაზე უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ დისბალანსზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აუცილებელია განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სტუდენტების ინტერესების დაცვა.
მისი თქმით, 5-წლიან პერსპექტივაში საჯარო და კერძო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე კადრებზე მოთხოვნა ჯამში 64 095-ს შეადგენს, საიდანაც 42 316 კერძო სექტორზე, ხოლო 21 779 საჯაროზე მოდის. „კვლევამ დაადგინა, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნაა საშუალო სკოლის მასწავლებლებზე, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერებზე, ასევე, მედიცინის, მშენებლობისა და IT სფეროს სპეციალისტებზე“, – აღნიშნა პრემიერმა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამართლის მიმართულებაზე. კობახიძის განცხადებით, „წლიურად 3600 სტუდენტი ირიცხება იურიდიულ ფაკულტეტზე, მაშინ, როცა შრომის ბაზარს საშუალოდ 678 იურისტი სჭირდება“. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ „2920 ჩარიცხული სტუდენტი განწირულია იმისთვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასდროს გამოიყენებს პროფესიულ საქმიანობაში“.
პრემიერმა აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულთა რაოდენობა ჩარიცხვებთან შედარებით მხოლოდ 40%-ს შეადგენს, რაც სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს: „ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ გვჭირდება უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება“.
მისი განმარტებით, შრომის ბაზრის მონაცემებით, უნივერსიტეტებში ოპტიმალურად წლიურად დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს, თუმცა, ეტაპობრივი გარდამავალი პოლიტიკის ფარგლებში, 21 300 ადგილზე გამოცხადდება მიღება. „ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა გაუსვა ხაზი პროფესიული განათლების გაძლიერების აუცილებლობას. „დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე, ხოლო 40 პროცენტს – პროფესიული განათლება. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლება“, – აღნიშნა მან.
კობახიძის შეფასებით, შრომის ბაზრის ანალიზი გადაუდებელი იყო, რადგან „პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისთვის, რომ მიეღოთ დიპლომი და ვერასდროს შეძლებოდათ შესაბამისი დასაქმება“. მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაში სწორი მიმართულება მისცეს და განათლების სისტემა რეალურ მოთხოვნებს დაუახლოოს.