ოლივიე კურტო: ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს
საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ რუსეთის შეკავების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვასა და საქართველოში.
მისი განცხადებით, საქართველოს განსაკუთრებული გამოცდილება აქვს, რადგან ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. „უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება. მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში. თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი“, – განაცხადა ელჩმა.
კურტოს თქმით, დღეს ევროპა უკრაინის მთავარი მხარდამჭერია როგორც ფინანსური, ისე სამხედრო მიმართულებით და ეს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. მან ასევე ისაუბრა „მსურველთა კოალიციაზე“ და აღნიშნა, რომ იქმნება ახალი, ინოვაციური ფორმატი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ევროპის და საქართველოს მომავალი უსაფრთხოებისთვის. „ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს. ჩვენი მიზანია, ეს ქვეყანა მჭიდროდ დავუკავშიროთ საერთო უსაფრთხოების სისტემას“, – აღნიშნა მან.
სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი და სისტემური მუშაობა. „ყველა ლამაზი სახლის მსგავსად, არსებობს ბზარები და ხვრელები, რომლებიც უნდა შევავსოთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. სწორედ ამას ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სანქციებისთვის გვერდის ავლა“, – განაცხადა კურტომ. მისივე თქმით, დასავლეთის კოლექტიური ძალისხმევა უკვე აისახება რუსეთის ეკონომიკაზე. „ჩვენ ვხედავთ ნავთობიდან მიღებული შემოსავლების კლებას. ეს ძალისხმევა ეფექტიანი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ის იქნება სისტემატური და გრძელვადიანი. საქართველო ამ პროცესის ნაწილია და გვინდა, კიდევ უფრო პროაქტიული იყოს“, – აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა დასავლეთში ეჭვი, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება, კურტომ უპასუხა, რომ აუცილებელია სიმშვიდის და ცივი გონების შენარჩუნება. „საქართველო თანამშრომლობს დასავლურ ქვეყნებთან სანქციებისგან ნებისმიერი გვერდის ავლის თავიდან აცილების მიზნით. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რათა აღმოვფხვრათ ყველა შესაძლო ხარვეზი“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.