ახალშობილი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება
კლინიკა „მედინას“ დირექტორის ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა და შემდეგ დაზიანებები მიაყენა, ამ ეტაპზე შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
უნგიაძის თქმით, ახალშობილს თავის ქალის ძვლებზე ორ ადგილას ხაზოვანი მოტეხილობა აღენიშნება და არ გამოირიცხება კისრის დაზიანებაც. მისი განმარტებით, სრული დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, თუმცა ამ დროისთვის ბავშვის გადაადგილება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება.
„დღეისათვის მდგომარეობა უკეთესად შეიძლება შეფასდეს, თუმცა წინ უამრავი პრობლემაა. შესაძლოა, დამატებითი ოპერაციებიც გახდეს საჭირო. ჯერჯერობით კომპიუტერულ ტომოგრაფიას ვერ ვაკეთებთ. ახალშობილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და ვფიქრობთ, კვება გადასხმის გზით დავიწყოთ,“ – განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.
მისივე თქმით, უცნობია, რა ვითარებაში მიიღო ახალშობილმა მძიმე ტრავმები. „არ ვიცით, რეალურად რა მოხდა საპირფარეშოში, სადაც ქალბატონმა იმშობიარა. შესაძლოა, ბავშვი დაუვარდა. მთლიანად ძვლოვანი სისტემა გამოსაკვლევია,“ – აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.
ცნობისთვის, შემთხვევა კვირას, გამთენიისას, ბათუმის კლინიკა „მედინაში“ მოხდა. ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის, ახალშობილის მიმართ, განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.