შალვა პაპუაშვილი: ეს საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში ჩათრევის მცდელობაა
By

შალვა პაპუაშვილი: ეს საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში ჩათრევის მცდელობაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გარკვეული დიპლომატიური წრეების მხრიდან არსებობს მცდელობა, ქვეყანა რუსეთთან ესკალაციაში ჩაითრიონ. მისი თქმით, საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი ელჩის განცხადებები და მოთხოვნები პირდაპირ მიუთითებს ზეწოლაზე, რომელიც, მისივე შეფასებით, სანქციებისა და ეკონომიკური შეზღუდვების გზით დაძაბულობის ზრდას ისახავს მიზნად.
პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა „ფაქტობრივად დაადასტურა“ ის, რაზეც ხელისუფლება ოთხი წელია საუბრობს, რომ დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მიერ რუსეთთან პირდაპირ ესკალაციაზე უარის თქმაა. მისი შეფასებით, მოწოდებები სანქციების დაწესების, სავაჭრო და ენერგეტიკული ურთიერთობების შეზღუდვის შესახებ, რეალურად ნიშნავს ქვეყნის ჩათრევას კონფლიქტში.
პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დიდი ბრიტანეთს ელჩის განცხადებებზე. მისი თქმით, დიპლომატი სხვადასხვა ფორმატში აყენებს საკითხს, რომ საქართველომ შეზღუდოს რუსული ენერგორესურსების იმპორტი და გაამკაცროს ეკონომიკური პოლიტიკა. პაპუაშვილის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმე გავლენას მოახდენს და ფასების ზრდას გამოიწვევს.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო არ აპირებს ისეთ ნაბიჯებზე წასვლას, რომლებიც ქვეყანას პირდაპირ სამხედრო ან ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩართავს.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია – ქვეყნის ინტერესების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვა პრიორიტეტად რჩება, ხოლო ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ ამ პრიზმაში განიხილება.

  • No Comments
  • თებერვალი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *