ბრიუსელის კრიტიკა და თბილისის კონტრშეტევა – რას წერს ევროპარლამენტი საქართველოზე
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ 2025 წლის ანგარიშის წარდგენამ მწვავე პოლიტიკური დისკუსია გამოიწვია. დებატებში ევროპარლამენტარებმა საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მმართველი გუნდის პოლიტიკაზე მკაცრი შეფასებები გააკეთეს.
მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ვითარება „სწრაფად და თვალსაჩინოდ უარესდება“. მისი თქმით, ევროპის კომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ, გაფართოების ისტორიაში კანდიდატი ქვეყნისთვის მომზადებულ „ყველაზე ცუდ დოკუმენტად“ არის შეფასებული.
„საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კომისიის 2025 წლის ანგარიშზე უკეთ ვერ ვიტყვი. საქართველოს შესახებ 2025 წლის ანგარიში აღწერილია, როგორც ყველაზე ცუდი, რაც კი გაფართოების ისტორიაში კანდიდატი ქვეყნისთვის მომზადებულა. ასევე, ევროპული საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის დასკვნების თანახმად, საქართველო კანდიდატი ქვეყანა ახლა მხოლოდ სახელით არის დარჩენილი“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.
მისი თქმით, ანგარიშის ახალ პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოლო მოვლენებს და „დემოკრატიულ უკუსვლას“.
„ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული გზა არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ, ფაქტობრივად, საპირისპიროთი შეცვალა. უკუსვლა დაფიქსირდა 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობა იყო. მიუხედავად განცხადებებისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავ სტრატეგიულ მიზნად რჩება, უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებენ“, – აღნიშნა მან.
იუკნევიჩიენემ, ასევე, გაუსვა ხაზი მიზნობრივი სანქციების აუცილებლობას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების მიმართ, „რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივ დევნაზე“.
დისკუსიაში მონაწილეობდა გერმანელი ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი, რომელმაც ანგარიში „ძალიან ზუსტ და დროულ დოკუმენტად“ შეაფასა.
„როდესაც „დემოკრატიული უკუსვლის“ განმარტებას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ, თბილისში უნდა ჩავიდეთ. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ძირი გამოუთხაროს თავისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ისინი რუსეთთან მიდიან, საკუთარ თავს პუტინზე დამოკიდებულად ხდიან. ეს გეოპოლიტიკურად მოკლემხედველი სტრატეგიაა მათთვის, მაგრამ საშინელი სტრატეგიაა მათი ხალხისთვის“, – განაცხადა კრემერმა.
მან ასევე გააკრიტიკა დემონსტრაციების დროს ძალის გამოყენების ფაქტები და აღნიშნა: „ქართული ოცნება“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებს თავისი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე. ეს სრულიად მიუღებელია, თუ დადასტურდება BBC-ის ანგარიში, თუმცა მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ ეს სიმართლეა“.
კრემერის თქმით „ევროპარლამენტმა მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს – „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა წასვლა – ევროპისკენ თუ რუსეთის ორბიტისკენ. ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ – არა“.
საკუთარი შეფასება წარმოადგინა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ბერნარდ გეტმაც, რომელმაც საკითხი ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილა.
„ვითარებას ობიექტურად უნდა შევხედოთ. საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან“, – განაცხადა გეტამ.
მისივე თქმით, „იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, ჩვენ უკრაინას უნდა დავეხმაროთ“.
ევროპარლამენტში გამოთქმულ შეფასებებს მწვავე პასუხი გასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი განცხადებით, ანგარიშს „არანაირი ფასი არ აქვს“ და ის პოლიტიკურად მიკერძოებულია.
„ანგარიშს ამზადებს ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ფაშისტური განცხადებები აქვს. მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია და ეს არის ფაშისტური განცხადება. ასევე თქვა, რომ, ქართველი ხალხის ბრალია, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევს. ასე რომ, მთავარი პრობლემა არის, რომ დღეს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავზე ვხედავთ ადამიანს ევროპარლამენტში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს ფაშისტურ განცხადებებს. ამიტომ, არანაირი ფასი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ ანგარიშს არ აქვს. ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.