მერის ანგარიში – შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამები გაგრძელდება
გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის მნიშვნელოვანი იყო შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ომარ ტაკიძის ანგარიში შარშან გაწეული საქმიანობის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, წლევანდელი საწყისი ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით, 3 130 000 ლარით გაიზარდა. განხორციელდა 25 მიზნობრივი პროგრამა, სხვადასხვა სახის სერვისით 4 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში დაიხარჯა 3 302 802 ლარი. 2026 წელს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს არსებული პროგრამების გაგრძელებას, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 3 421 200 ლარი, მუნიციპალური პროგრამების პარალელურად, სამსახური, მერიის სახელით, მონაწილეობს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამის რეალიზებში, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდა 43 ოჯახი.
აჭარის გარემოს დაცვის სააგენტოს გეოლოგიური სამსახურისა და საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ზვავის შემსწავლელ სპეციალისტთა ჯგუფებმა შეისწავლეს 650 ოჯახის საცხოვრებელი პირობები. 2025 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრების მიზნით დახმარება გაეწია 87 ოჯახს 1 111 199 ლარის ოდენობით, მათ შორის, 2 ოჯახი იყო ხანძრის შედეგად დაზარალებული.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს დაქვემდებარებულია ორი ორგანიზაცია – შუახევის სოციალური სერვისების ცენტრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი. შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს 12 ამბულატორია, 39 სამედიცინო და 47 თემის სამედიცინო პუნქტის ექთანი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი ემსახურება 14 ბენეფიციარს.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუნიციპალიტეტში მოქმედებს: საჩითილე მეურნეობა (დაბა შუახევში), ვაზის სანერგე მეურნეობა (ახალდაბაში), ხეხილის სანერგე მეურნეობა (ქიძინიძეებში). ფერმერებს უფასოდ დაურიგდათ 19 014 ცალი ბოსტნეულის ჩითილები, ისარგებლეს აგრობარათებით, სახელმწიფო დახვნის პროგრამით. დაიხვნა – 100 ჰა მიწის ნაკვეთი, მათგან 24 ჰა დაიფრეზა. სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალებები გაიცა 255 ბენეფიციარზე, სულ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებით 1200-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
მერმა ყურადღება გაამახვილა განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურზე, რომლის ბიუჯეტი შარშან 487 000 ლარს შეადგენდა და 100-მდე კულტურულ-სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა. 2026 წელს ბიუჯეტი განისაზღვრა 545 000 ლარით.
მუნიციპალიტეტში მოქმედებს 15 ბაგა-ბაღი და 8 ალტერნატიული ჯგუფი, სულ 285 აღსაზრდელით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 2025 წელს ხიჭაურის, შუბნისა და ხაბელაშვილების ბაგა-ბაღების შენობებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. დასრულდა დღვანის, შუბნის, ხიჭაურისა და ხაბელაშვილების საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.
რესურსცენტრთან თანამშრომლობითა და მერიის დაფინანსებით ჩატარდა მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია.
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში განახორციელა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავდა სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას. 10-მდე სკოლის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სპორტული ინვენტარით მომარაგდა 8 საჯარო სკოლა. 2026 წელს რამდენიმე სკოლაში მოეწყობა რემოდელირებული ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სივრცე, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. კომპიუტერული ტექნიკით მომარაგდა საჯარო სკოლები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამით, 17 სკოლაში იგეგმება საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიის მოწყობა.
სპორტის განვითარება მერიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ბოლო წლებში გაიზარდა ბიუჯეტი, გაიხსნა ახალი სპორტული წრეები, აშენდა და რეაბილიტირდა 20-მდე სპორტული მოედანი, სპორტული ცენტრის შენობა, შეძენილია ახალი სპორტული ინვენტარი. ფულადი ჯილდოს სახით გაიცა 49 352 ლარი. დაჯილდოვდა 282 სპორტსმენი და 82 მწვრთნელი. რეგიონალური, რესპუბლიკური და საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში, გამოვლინდა 14 ჩემპიონი და 53 პრიზიორი.
მუნიციპალიტეტში მოქმედებს მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც წელს, განახლებული შემადგენლობით, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დღემდე დაფინანსდა 60-მდე სტუდენტი. წელს ტარიელ ფუტკარაძისა და რამაზ სურმანიძის სახელობის ფულადი ჯილდოები გაორმაგდება და გაიცემა 1000-1000 ლარი. ასევე, მუშავდება ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების პროგრამა.
შუახევში ტურიზმის განვითარება პრიორიტეტად რჩება. მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტთან, რომელიც არაერთ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე, ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას. ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო დარჩიძეებში და ლელთის ტბასთან, მიმდინარეობს 9 აპრილის ხეივნის, ტომაშეთში – ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სკვერის და საახალდაბოს ცენტრის კეთილმოწყობა. სოფელ ჩანჩხალოში გრძელდება ტურისტული სივრცის მოწყობა. განსაკუთრებით პოპულარულია სოფელი გომარდული, სადაც სამომავლოდ დაგეგმილია სათხილამურო ტრასის გაფართოება. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, სემინარები, კულტურული ღონისძიებები. მუნიციპალიტეტი სხვადასხვა აქტივობით ყოველწლიურად უერთდება „16-დღიან გლობალურ კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ“.
შარშან აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სხვადასხვა სახის საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა. წელს შუახევის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის 8 100 000 ლარი დაიხარჯება.
ომარ ტაკიძე ასევე, შეეხო მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობასა და შემდგომი გაუმჯობესების საკითხებს.
სხდომაზე მოსაზრება გამოთქვეს საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, საკრებულოს წევრებმა ედნარ კეჟერაძემ, ემზარ აბაშიძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ.
წარმოდგენილი ანგარიში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
ოთარ ცინარიძე
გალერეა

